Thumbnail

ინდური კოსმოსური ხომალდი მთვარის ორბიტაზე წარმატებით შევიდა

  • ინდოეთი შესაძლოა გახდეს მეოთხე ქვეყანა, რომელიც მთვარეზე კოსმოსურ ხომალდს დაუშვებს
  • კოსმოსური ხომალდი მთვარეზე სავარაუდოდ 7 სექტემბერს დაეშვება

ინდოეთის მთვარის მისია Chandrayaan-2 წარმატებით მიმდინარეობს - 20 აგვისტოს კოსმოსური ხომალდი მთვარის ორბიტაში შევიდა, რაც მთვარეზე დაშვებამდე კოსმოსური მისიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის ეტაპია. ინდური კოსმოსური ხომალდის მთვარეზე დაშვება 7 სექტემბერს იგეგმება. გეგმის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ინდოეთი ამერიკის, ჩინეთისა და რუსეთის შემდეგ გახდება მეოთხე ქვეყანა, რომელმაც მთვარეზე საკუთარი კოსმოსური ხომალდის დაშვება წარმატებით შეძლო.

მისია The Chandrayaan-2-მა სტარტი მიმდინარე წლის 22 ივლისს აიღო. კოსმოსური აპარატი  მთვარეზე დაშვებიდან ორი კვირის განმავლობაში დაშვების წერტილის მიმდებარე ტერიტორიას სპეციალური ინსტრუმენტებით შეისწავლის.

Chandrayaan-2-ის ფარგლებში ინდოეთის მიზანი მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაკვირვება და მასზე არსებული ყინულის რაოდენობის შესწავლაა, რადგან შესაძლოა სწორედ მთვარეზე წყლის საკმარისი მარაგის არსებობა გახდეს სამომავლო მისიების დაგეგმვის წინაპირობა. მკვლევარების თანახმად, მისიების ფარგლებში წყლის რესურსის ეფექტურად ათვისება და მისი დასალევად ან საწვავის სახით გამოყენება რეალისტურია.

Chandrayaan-2-ს წინ კოსმოსური მისიის პირველი ეტაპი, Chandrayaan-1 უძღოდა, რომლის ფარგლებში მთვარეზე არაერთი აღმოჩენა გაკეთდა - მათ შორის, მისიამ მთვარის სამხრეთ პოლუსზე წყლის ყინულის არსებობა დააფიქსირა.

კომენტარები

ბოლო ამბები