Thumbnail

დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში ბარგის 3D სკანერებს გამოიყენებენ

  • ახალი სკანერის დახმარებით სითხის ტრანსპორტირების აკრძალვის მოხსნა შესაძლებელი გახდება
  • ბარგის შემოწმების ახალი მეთოდი უსაფრთხოების კონტროლის დროს შეამცირებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ახალი დადგენილებით 2022 წლის ბოლომდე ქვეყნის ყველა აეროპორტში ბარგის შემოწმების ახალი, 3D სისტემა ამოქმედდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ბორის ჯონსონის თანახმად, ბარგის შემოწმების ახალი სისტემა უსაფრთხოების კონტროლის პროცესს გაამარტივებს და აეროპორტების დაცულობას გაზრდის.

“დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში მგზავრობის მაქსიმალურად გამარტივებით ახალი 3D მოწყობილობა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ვაჭრობის, ტურიზმის და ინვესტიციების კუთხით ქვეყნის ლიდერის პოზიციის გამყარებაში.” - ბორის ჯონსონი

მოწყობილობა, რომელიც სამედიცინო CT სკანერის მსგავსად მუშაობს, ლონდონის ჰითროუს აეროპორტში უკვე მონტაჟდება, რისთვისაც აეროპორტმა 50 მილიონი ფუნტი გამოყო. 3D სკანერი ბარგის შიგთავის მკაფიო გამოსახულებას იძლევა და აეროპორტის თანამშრომლებს კონკრეტულ ნივთებზე სხვადასხვა რაკურსით დაკვირვების შესაძლებლობას აძლევს.

3D სკანერის დახმარებით შესაძლოა სითხეების თავისუფალი ტრანსპორტირების აკრძალვაც მოიხსნას - ამ დროისთვის მოქმედებს შეზღუდვა, რომელიც მგზავრებს მხოლოდ 20 x 20 სმ ზომის გამჭირვალე პარკში თავსებად, არაუმეტეს 100მლ მოცულობის კონტეინერში მოთავსებული სითხეების გადაადგილების უფლებას აძლევს, თუმცა ახალი ტექნოლოგიით სითხეების შიგთავსში სახიფათო ნივთიერებების იდენტიფიკაცია მარტივად მოხდება, რის გამოც შესაძლოა შეზღუდვის გაუქმება დადგეს დღის წესრიგში.

ტექნოლოგიას აშშ-ში, მათ შორის ატლანტისა და ჩიკაგოს აეროპორტებში უკვე წარმატებით იყენებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები