Thumbnail

Huawei Mate 30 და Mate 30 Pro Android-ის ოპერაციულ სისტემაზე იმუშავებს

  • სმარტფონები 19 სექტემბერს გამოვა
  • Huawei საკუთარ ოპერაციულ სისტემას თავდაპირველად სმარტ საათზე გამოცდის

აშშ-ის შეზღუდვების ძალაში შესვლამდე Huawei კიდევ ორ Android სმარტფონს - Mate 30-ს და Mate 30 Pro-ს გამოუშვებს. ინფორმაცია Huawei-ს გენერალურმა დირექტორმა ოფიციალურად დაადასტურა. სმარტფონების გამოშვება 19 სექტემბერს იგეგმება, ხოლო პირველი მოწყობილობა, რომელიც Huawei-ს მიერ შექმნილ ოპერაციულ სისტემაზე, HarmonyOS-ზე იმუშავებს, სავარაუდოდ კომპანიის სმარტ საათი იქნება.

Huawei-მ Android-ის შემცვლელი ოპერაციული სისტემის შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ამერიკამ კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამერიკის მთავრობის თანახმად, არსებობდა საფრთხე, რომ Huawei ამერიკულ ოპერაციულ სისტემებს შპიონაჟისთვის და კომუნიკაციების მუშაობის განზრახ შეფერხებისთვის გამოიყენებდა. 2019 წლის 20 მაისიდან Huawei-მ Android-ის მხარდაჭერა ოფიციალურად დაკარგა, თუმცა შეზღუდვის აღსრულება მას შემდეგ ორჯერ გადაიდო. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვის ამოქმედებასთან ერთად Huawei-ს Android სმარტფონებს Google-ის სერვისებთან, მათ შორის Play Store-თან და რუკებთან წვდომა შეეზღუდება, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის შევა შეზღუდვები ძალაში ოფიციალურად.

Huawei-ს თანახმად, ახალი ოპერაციული სისტემა თავსებადი იქნება როგორც სმარტფონებთან, ასევე ნებისმიერ სხვა სმარტ მოწყობილობებთან. HarmonyOS ხელმისაწვდომი იქნება როგორც ღია პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა, რომლის გამოყენება მსოფლიოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი. ახალი ოპერაციული სისტემა სავარაუდოდ წლის ბოლომდე გამოვა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანახმად, HarmonyOS Android და iOS სისტემებისგან "სრულიად განსხვავებული იქნება".

კომენტარები

ბოლო ამბები