Thumbnail
  • Huawei-მ Mate 30 Pro-ს გამოსვლის თარიღი ოფიციალურად დააანონსა
  • Mate 30 Pro Google-ის აპლიკაციების გარეშე გამოვა

Huawei-ს ახალი სმარტფონი Mate 30 Pro 19 სექტემბერს გამოვა. ამის შესახებ ჩინურმა კომპანიამ პოსტი საკუთარი Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა. კომპანიის თანახმად, სმარტფონის პრეზენტაცია გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართება.

რამდენიმე დღის წინ Google-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ Huawei-ს ახალი სმარტფონებით Google-ის აპლიკაციების, მათ შორის Play Store-ის და Maps-ის გამოყენება შესაძლებელი არ იქნება, რაც ბაზარზე ახალი სმარტფონის კონკურენტუნარიანობას საგრძნობლად შეამცირებს. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სმარტფონი Kirin 990 პროცესორით და ოთხმაგი კამერით იქნება აღჭურვილი, რომელიც სმარტფონის უკანა მხარეს წრიულადაა განლაგებული. სმარტფონს სავარაუდოდ Samsung Galaxy-ს Edge ვერსიების მსგავსი, გვერდებში მომრგვალებული ეკრანი ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ Huawei-მ Android-ის შეზღუდვის საპასუხოდ საკუთარი ოპერაციული სისტემა Harmony OS უკვე შექმნა, სისტემა Google-ის აპლიკაციების გარდა ამ დრომდე არც სხვა აპლიკაციებზეა ოპტიმიზებული. ამ მიზეზის გამო Huawei-ის ახალი სმარტფონები Harmony OS-ის მაგივრად Android-ის ოპერაციულ სისტემას გამოიყენებს, რომელიც ღია პროგრამული უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში სმარტფონების ყველა მწარმოებლისთვისაა ხელმისაწვდომი.

დავა Huawei-სა და აშშ-ის მთავრობას შორის რამდენიმე თვის წინ დაიწყო. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, არსებობდა საფრთხე, რომ Huawei ამერიკულ სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებს შპიონაჟისთვის და კომუნიკაციების მუშაობის განზრახ შეფერხების გამოიყენებდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები