Thumbnail

Bugatti Chiron ყველაზე სწრაფი ავტომობილი გახდა

  • Bugatti-მ ყველაზე სწრაფი ავტომობილის სტატუსი დაიბრუნა
  • Chiron-მა 490 კმ/სთ განავითარა

ჰიპერკარ Bugatti Chiron-ის სპეციალურმა ვერსიამ ავტომობილებს შორის სისწრაფეში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ავტომობილმა, რომლის სიმძლავრეც 1500 ცხენის ძალაა, 490 კმ/სთ განავითარა. ამ მიღწევით Bugatti-მ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის სტატუსი ორწლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა. მანამდე Bugatti-ს  მოდელ Veyron Super Sport-ს ეს ტიტული შვედურმა Koenigsegg Agera RS-მა ჩამოართვა. 

Chiron-მა ახალი მსოფლიო რეკორდი გერმანიაში, Volkswagen-ის ავტოდრომზე დაამყარა. (Bugatti Volkswagen Group-ის შემადგენლობაში შედის). ამ ავტოდრომზე თითქმის 9 კილომეტრიანი სწორი ტრასაა, რაც ავტომობილს სიჩქარის მაქსიმალურად აკრეფის საშუალებას აძლევს. გამოცდის დროს ავტომობილს ბრიტანელი პილოტი ენდი უოლასი მართავდა.

კომპანიის ინჟინრები აღნიშნავენ, რომ პროტოტიპს, რომელმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა, დამუშავებული აქვს აეროდინამიკა. ამ ავტომობილის უკანა ნაწილი უფრო გრძელია, ვიდრე სერიული Chiron-ის. კომპანიაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, დასჭირდათ თუ არა ძრავის მოდიფიცირება ახალი მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად. 

კომენტარები

ბოლო ამბები