Thumbnail

Porsche-მ პირველი სპორტული ელექტრომობილი წარადგინა

  • Porsche Taycan-ის ფასი 150,900 დოლარიდან იწყება
  • კომპანიის პირველი სპორტული ელექტრომობილი სრულად 30 წუთში იტენება

გერმანულმა ავტომწარმოებელმა Porsche-მ კომპანიის პირველი სრულად ელექტრონული სპორტული მანქანა, Porsche Taycan წარადგინა. ოფიციალურ ანონსამდე, Taycan -ის დიზაინის სავარაუდო კონცეფციები,  ელექტრომობილის სახელწოდების ვერსიები და თიზერები ვრცელდებოდა, ამჯერად კი კომპანიამ სპორტული ელექტრომობილის მონაცემების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია გაავრცელა.

მანქანა თავდაპირველად 2015 წელს, “Mission E”-ს სახელწოდებით დაანონსდა, თუმცა შემდგომი 4 წლის განმავლობაში ელექტრომობილის თავდაპირველ ვერსიაში ცვლილებები შევიდა. Porsche მანქანის ორ ვერსიას, Taycan Turbo-ს და Taycan Turbo S-ს გამოუშვებს. Turbo ვერსიის ფასი 150,900 დოლარიდან დაიწყება, Turbo S-ის საწყისი ფასი კი 185,000 დოლარი იქნება.

ელექტრომობილის ორივე მოდელი 0-დან 96 კმ/სთ სიჩქარეს 3 წამზე ნაკლებ დროში ანვითარებს. გავრცელებული ინფორმაციით, Porsche Taycan ერთი სრული დატენვით 480 კილომეტს გადის. გარდა ამისა, ელექტრომობილის ელემენტების ნაკრები, რომელიც ჯამში 630 კილოგრამს იწონის, სრულად 30 წუთში იტენება. Taycan Turbo, ისევე როგორც Taycan Turbo S ელექტრო ძრავის ორმაგ სისტემას იყენებს, რაც ელექტრომობილების სიმძლავრეს 616 ცხენის ძალას უთანაბრებს.

ელექტრომობილების გაყიდვა სავარაუდოდ 2020 წელს დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები