Thumbnail

რატომ უნდა ვიფრინოთ ღრუბლებში?

 

რა არის ღრუბელი?

მას შემდეგ, რაც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ვმუშაობ, ღრუბლები მუდამ კავშირშია ჩემს საქმიანობასთან - მთელი ცოდნის, გამოცდილებისა და განვითარების მიმართულება მუდმივად ღრუბლებისკენ მიდიოდა. რა არის ღრუბელი? ცხადია, ამ შემთხვევაში საუბარი არ არის ამინდთან დაკავშირებულ ღრუბელზე - ადამიანებს ამ სიტყვის გაგონებაზე უმეტესად ეს ასოციაცია უჩნდებათ, თუმცა საუბარია Cloud სერვისზე, რომელიც  მომხმარებლისთვის  IT სერვისების ონლაინ მიწოდებას გულისხმობს.

რატომ უნდა ვიყოთ მზად ღრუბლებისთვის? 

ტექნოლოგიური ევოლუცია გარდაუვალია და ამ ევოლუციის განუყოფელი ნაწილია გზა ღრუბლისაკენ. ადრე თუ გვიან ღრუბლებში ვიქნებით ყველა. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, როცა მზა პროდუქტით სარგებლობა შესაძლებელია, ბიზნესმა დრო და ფინანსები არ უნდა დაკარგოს ყველაფრის საკუთარი ხელით შექმნაზე, რაც მეტ რისკებთანაცაა დაკავშირებული.

თქვენ, ისევე როგორც მე, როგორც მომხმარებლები ღრუბლის სერვისებს ყოველდღიურად უკვე ვიყენებთ - ტელეფონით თუ სარგებლობთ, სახლში ინტერნეტ ტელევიზია თუ გაქვთ - ეს ყველაფერი ღრუბელია. თქვენ იღებთ ტელევიზიას როგორც სერვისს. IT-ში პროგრესი იმდენად სწრაფია, რომ ბიზნესი ყოველთვის მზად არ არის რომ ეს ყველაფერი მიიღოს. თუკი ადრე IT ბიზნესის დამხმარე ხელსაწყო იყო, დღეს პირიქითაა - IT ბიზნესის ბირთვი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო წინ მივდივართ სულ უფრო მეტად ავდივართ ღრუბლებში.

ღრუბელი სტარტაპერებისთვის

სტარტაპის შემთხვევაში, როდესაც კომპანია პატარაა, ღრუბელში გასვლის გადაწყვეტილება უფრო მარტივია და ეს ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაცაა. ზოგაგადად, სტარტაპის სტატისტიკა 50/50-ზეა - ის ან ცოცხლობს, ან კვდება. თუკი სტარტაპმა IT-ში ინვესტიცია ჩადო, თუმცა ბიზნესმა საბოლოოდ არ გაამართლა, ინვესტიცია მთლიანად დაკარგულია. ღრუბლის შემთხევაში, სტარტაპი ინვესტიციას არ დებს, არამედ პროვაიდერთან ანგარიშსწორებას გამოყენებული სერვისების შესაბამისად, ყოველთვიურად ახორციელებს, რაც გულისმობს, რომ წარუმატებლობის ან ბიზნეს მოდელის რადიკალური ცვლილების შემთხვევაში, სერვისის პირობები იცვლება ან კონტრაქტი წყდება, შესაბამისად ინვესტირებული თანხა არ იკარგება, ამიტომ IT-ის კუთხით ღრუბელი სტარტაპისთვის ყველაზე სწორი მიდგომაა.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბაზარზე შესვლის დრო - Time to market. უმეტეს შემთხვევებში, კომპანიებს პოტენციურ კონკურენტებამდე ბაზარზე შესვლა ეჩქარებათ. ღრუბლის შემთხვევაში, სტარტაპს არ უწევს მოწყობილობების ყიდვა, დაინსტალირება, ინფრასტრუქტურის გამართვა, არამედ პროდუქტის მიღება უმოკლეს დროშიც შეუძლია. ამ ყველაფერში დროის და ფინანსური რესურსის ნაცვლად ინვესტიციის ჩადება შესაძლებელია კომპანიის სხვა მიმართულებით განვითარებაში, მაგალითად საშტატო ერთეულის გაზრდაში, მარკეტინგულ ღონისძიებებში და სხვა, რაც საერთო ჯამში კომპანიისთვის ბევრად მომგებიანია. მსოფლიოში წარმატებულმა კომპანიებმა, როგორებიცაა AirBnb, Skyscanner და Sporify, საქმიანობა პირდაპირ სრულად ღრუბლებში დაიწყეს და წლიდან წლამდე მსგავსი კომპანიების რიცხვი მზარდია. ტენდენცია მიდის იმისკენ, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ ყველა ღრუბლებში ვიქნებით.

ევროპაბეთის გამოცდილება

ზოგადად, ღრუბლებში გასვლა პატარა ორგანიზაციების შემთხვევაში ბევრად მარტივია, თუმცა როდესაც ერთ-ერთი უმსხვილესი გემბლინგ კომპანია გაგყავს ღრუბლებში და ამოცანა არის ის, რომ გახვიდე ღრუბლებში და საჭიროებიდან გამომდინარე ისევ დაბრუნდე უკან, ამის გაკეთება გარკვეულ გამბედაობასთან არის დაკავშირებული, რადგან როცა კომპანიის ბრუნვა ორი მილიარდზე მეტია, წარუმატებლობის შემთხვევაში რისკებიც შესაბამისად მატულობს. 

კომპანიის ამოცანა შემდეგში მდგომარეობდა - ჩვენ ღრუბელი გვჭირდებოდა ყოველ 6 თვეში ერთხელ 1 თვის მანძილზე. იმისათვის რომ სერვისისთვის, რომელსაც წლის განმავლობაში 2 თვის მანძილზე ვიყენებთ არ გამხდარიყო საჭირო დამატებითი მოწყობილობების ყიდვა და არსებული მონაცემთა ცენტრების რესურსის გაზრდა, რასაც  მთელი წლის განმავლობაში მათი მართვაც სჭირდება და გარკვეულ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული, გადავწყვიტეთ სერვისის ნაწილი ღრუბლებში გაგვეტანა.

ამ პროცესში მთავარი შეკითხვა იყო, ღრუბლის რომელი ფორმა იქნებოდა კომპანიისთვის ყველაზე ოპტიმალური. არჩევანი გავაკეთეთ ღრუბლის IaaS მოდელზე (ინფრასტრუქტურა როგორც სერვისი). მარტივად რომ ვთქვათ, ინფრასტრუქტურა როგორც სერვისი გულიხსმობს კომპიუტერული რესურსების სერვისის სახით მიღებას - ეს შეიძლება იყოს როგორც პროცესორი, ასევე მყარი დისკი, მეხსიერება, ქსელური რესურსი, სერვერები და სხვა. ინფრასტრუქტურას მთლიანად სერვისის მომწოდებელი მართავს, მომხმარებელი კი საოპერაციო სისტემებს აკონტროლებს. ღრუბლის სხვა მოდელების ნაცვლად  IaaS მოდელზე არჩევანის შეჩერების მიზეზი იყო ის, რომ ზოგადად გემბლინგში იმდენად უნიკალურ პროდუქტებთან გვიწევს შეხება, რომელთაც თავად ვქმნით კომპანიის ბიზნეს მოდელისა და მიდგომების გათვალისწინებით.

გარდა ამისა, ამოცანა იყო, რომ ღრუბელში გავსულიყავით ისე, რომ ეს ყველაფერი გამჭირვალე ყოფილიყო იმ ხალხისთვის, ვინც ამას შემდგომში მართვას გაუწევდა. რადგან ჩვენ ვაპირებდით 6 თვეში ერთხელ ღრუბელში გასვლას და ისევ უკან დაბრუნებას,  ქსელის ტოპოლოგია არ უნდა შეცვლილიყო და ის ღრუბელშიც იგივე უნდა ყოფილიყო, როგორიც მიწაზე არსებულ ჩვენს მონაცემთა ცენტრებში. ამიტომ ჩვენ არ ვართ მოწყობილობებზე დამოკიდებული და ვირჩევთ პროგრამულად უზრუნველყოფილ ქსელებს.

ეს არ იყო მარტივი პროცესი, თუმცა ამ დროისთვის ჩვენს მონაცემთა ცენტრებში მთელი ქსელის ტოპოლოგია სრულად შეცვლილია. ამ ეტაპზე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში 9 მონაცემთა ცენტრს ვფლობთ. საბოლოო ჯამში მივიღეთ სერვისი, რომელიც არის მიწაზე, მისი სხვა მონაცემთა ცენტრებში “ტელეპორტირება” კი ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია.

ღრუბლის დადებითი მხარეები

ღრუბლის დადებითი მხარეები მოკლედ რომ შევაჯამოთ, მისი გამოყენება ძალიან მარტივი და უსაფრთხოა, და მას მოქნილი ფინანსური მოდელი აქვს - იხდი მხოლოდ იმას, რასაც ხარჯავ. ღრუბელი ძალიან სწრაფად დასანერგი პროდუქტია - მისი დანერგვა რამდენიმე დღეშიც კი შესაძლებელია, როცა სტანდარტულ ინფრასტუქტურულ სივრცეში დანერგვის გადაწყვეტილებას საშუალოდ 3-დან 6 თვემდე სამუშაო ციკლი მოყვება. ზოგადად საქართველოში ბიზნესი ძალიან სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებს და ყველაფერი დღესვე სჭირდება, ღრუბელი კი ამ მოცემულობასაც მარტივად ერგება.

ღრუბლის უარყოფითი მხარეები

ცხადია, დადებითთან ერთად, ღრუბელს უარყოფითი მხარეებიც აქვს. ზოგადი პრაქტიკა აჩვენებს, რომ ღრუბელში გასვლა ძალიან მარტივია, თუმცა შემდგომ მისი ფინანსური კონტროლი საკმაოდ რთული პროცესია, რადგან იმის გამო, რომ სერვისი მარტივად დასანერგია, ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები იღებენ ისეთ სერვისებსაც, რომელსაც ის შესაძლოა საერთოდ არ იყენებდეს, რაც საბოლოო ჯამში თვიდან თვემდე გაზრდილ ხარჯებს გულისხმობს, ამიტომ ზედმეტი ხარჯის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ღრუბლის სწორი მართვა.

საქართველოში მთავარ პრობლემად კომუნიკაციები რჩება - ღრუბელი რეალურად ისევ მიწაზე არსებული მონაცემთა ცენტრია, რომლისგანაც მომხმარებელი გარკვეულ რესურსს იღებს, თუმცა მას აქვს გარკვეული ადგილმდებარეობა. საქართველოსთან ოპტიმალურად ყველაზე ახლოს მდებარე მონაცემთა ცენტრები ამსტერდამსა და ფრანკფურტში მდებარეობს, შესაბამისად ქსელს, რომელშიც მიმოცვლა გარკვეული ფიზიკის კანონებით ხდება, საკმაოდ მაღალი დაყოვნების მაჩვენებელი აქვს, შესაბამისად საქართველოში რთულია განსაზღვრო, რა სერვისი იმუშავებს ამ პირობებში და რა სერვისს სჭირდება ადგილობრივი ბაზა. პროცესის ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი სწორედ ამ გადაწყვეტილების მიღებაა.

ღრუბელი საქართველოში

საქართველოში ღრუბლებზე აქტიურად საუბარი 2012 წელს დავიწყეთ, რა დროსაც სერვისი ტრენდული გახდა. ღრუბლები ავითვისეთ ჩვენც, ბევრი ღონისძიება და სემინარი ჩავატარეთ, ჩვენც ბევრი ვისწავლეთ, თუმცა ეს არ იყო პრაქტიკული ცოდნა. ვიცოდით რომ ტრენდია, ვიცოდით რომ მზად უნდა ვიყოთ, თუმცა მისი პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობა არ გვქონია. ამის შემდეგ, 2015 წელს ყველა შეთანხმდა, რომ ღრუბელი ჯერ ყველასთვის ადრეა და ჰიბრიდულ ღრუბლებში ტრანსფორმაციაზე დაიწყო საუბარი, რაც გულისხმობს, რომ სერვისების ნაწილი ღრუბლებშია, ნაწილი კი მიწაზე არსებულ მონაცემთა ცენტრებში, რაც უფრო მოქნილი და მარტივი მოდელია - ღრუბლებში შესვლა და გამოსვლა საჭიროებისამებრ ხდება. დღესდღეობით კომპანიების 90% ამ მოდელის დასანერგად მზად არის. 2015-2016 წლებიდან აღნიშნული თემა დავიწყებას მიეცა, თუმცა ღრუბელი თავისი განვითარებას მისდევდა, საბოლოო ჯამში კი იმ სახით დაგვიბრუნდა, რა სახითაც დღესდღეობით ის რეალურად გვჭირდება.

სერვისის პროვაიდერები 

Cloud სერვისს ბევრი პროვაიდერი ჰყავს მსოფლიო ბაზარზე, თუმცა ბაზრის სამ ლიდერს გამოვყოფდი - ესენია Amazon-ის ვებ სერვისი AWS, Microsoft-ის Azure და Cloud სერვისი Google-ის ბაზაზე. თითოეულ მათგანს საკუთარი უნიკალური პროდუქტები აქვს, რომლითაც სხვადასხვა სეგმენტებში ბაზარზე ერთმანეთს კონკურენციას უწევენ.


საბოლოო ჯამში, როგორც აღვნიშნე, გარდაუვალია ფაქტი, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ყველა ღრუბლებში ვიქნებით. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მეტად კარგავს აზრს გარკვეული პროდუქტების საკუთარი ხელით შექმნა, რადგან ეს მეტ დროსთან, ფინანსებთან, ადამიანურ რესურსებთან და რისკებთან არის დაკავშირებული. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გარკვეული ტექნოლოგიური შემზღუდველი ფაქტორები არსებობს, მათ შორის ჩვენი გლობალური საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის სახით, ესეც ადრე თუ გვიან შეიცვლება. ღრუბლები საქართველოს სულ უფრო უახლოვდებიან, რაც ნიშნავს, რომ ჩვენც ამ განვითარებასთან ერთად სულ უფრო მაღლა ვიფრენთ.

კომენტარები

ბოლო ამბები