Thumbnail

ინდოეთის მისია მთვარეზე წარუმატებლად დასრულდა

  • კოსმოსურ ხომალდთან დაშვების დროს კონტაქტი შეწყდა
  • ინციდენტი მთვარის ზედაპირიდან ერთი კილომეტრის მანძილზე მოხდა

მთვარის ზედაპირზე კოსმოსური აპარატის დაშვება იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც კოსმოსის ათვისებას ცდილობენ პრესტიჟის საკითხია. ამ დრომდე მთვარეზე კოსმოსური ხომალდის დაშვება მხოლოდ სამმა სახელმწიფომ მოახერხა. ესენია: საბჭოთა კავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. რამდენიმე თვის წინ ისრაელის მცდელობა დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე კოსმოსური აპარატი რბილად დაეშვა წარუმატებლად დასრულდა. ამჯერად კი უკვე ინდოეთს სურდა გამხდარიყო მეოთხე სახელმწიფო, რომლის კოსმოსური ხომალდიც მთვარეზე დაეშვებოდა.

ინდოეთის მთვარის მისია Chandrayaan-2 ივლისის ბოლოს დაიწყო. 20 აგვისტოს კოსმოსური ხომალდი მთვარის ორბიტაზე გავიდა, რაც მთვარეზე დაშვებამდე კოსმოსური მისიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის ეტაპია. გეგმის მიხედვით, 7 სექტემბერს აპარატი მთვარეზე უნდა დაშვებულიყო. დაშვებას რამდენიმე ეტაპი სჭირდებოდა. მთვარის ზედაპირიდან ორი კილომეტრის დაშორებით ხომალდმა თავდაპირველი კურსიდან გადახრა დაიწყო. როდესაც აპარატი დედამიწის თანამგზავრიდან კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა მასთან კონტაქტი შეწყდა. 

ამ დროისათვის მისიის წარუმატებლად დასრულების ზუსტი მიზეზი უცნობია. ინდური მხარე ინციდენტის შესახებ სრულ ინფორმაციას აგროვებს და დასკვნას მხოლოდ ამ ინფორმაციის დეტალური შესწავლის შემდეგ დადებს. Chandrayaan-2-ის ფარგლებში ინდოეთის მიზანი მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაკვირვება და მასზე არსებული ყინულის რაოდენობის შესწავლა იყო. Chandrayaan-2-ს წინ კოსმოსური მისიის პირველი ეტაპი, Chandrayaan-1 უძღოდა, რომლის ფარგლებში მთვარეზე არაერთი აღმოჩენა გაკეთდა - მათ შორის, მისიამ მთვარის სამხრეთ პოლუსზე წყლის ყინულის არსებობა დააფიქსირა.

კომენტარები

ბოლო ამბები