Thumbnail

ალგორითმი ამერიკული ჯგუფის ალბომის თანაავტორი გახდა

  • Yacht-ის 2019 წლის ალბომის მუსიკის შექმნაში მონაწილეობა ხელოვნურმა ინტელექტმა მიიღო
  • ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ მსგავსი ექსპერიმენტის იდეა წლების წინ არსებობდა

Yacht ამერიკული ჯგუფია, რომელიც პორტლენდში 2002 წელს შეიქმნა. კოლექტივს სულ შვიდი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. ბოლო მათგანი “Chain Tripping” 2019 წლის 30 აგვისტოს გამოვიდა. ამ ალბომს პირველ რიგში გამოარჩევს ის, რომ კომპოზიციების შექმნაში ჯგუფის წევრებს ალგორითმი დაეხმარა. 

ვოკალისტი კლერ ევანსი ამბობს, რომ ჯგუფი ხელოვნური ინტელექტის მუსიკაში გამოყენებით უკვე დიდი ხანია იყო დაინტერესებული. პროექტის რეალიზაციაზე მუშაობა სამი წლის წინ დაიწყო. ევანსის განმარტებით ალგორითმების გამოყენების დროს ჯგუფს არ ჰქონდა მიზანი შეექმნა აჟიოტაჟი იმის გამო, რომ ალბომის მუსიკა ახალი, ინოვაციური გზით იქმნებოდა:

ჩვენი მიზანი არ იყო, რომ ხალხს მხოლოდ მსგავსი ფრაზებით ელაპარაკა: “შეხედეთ ეს სიმღერა კომპიუტერმა დაწერა”. პროექტის მიზანი იყო შეგვექმნა მუსიკა, რომელსაც ჩვენივე სტილის განუყოფელ ნაწილად მივიჩნევდით. ტექნიკურად ზუსტი განმარტება შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ ვცდილობდით ჩვენს დისკოგრაფიაში ჩამალული მელოდიების მოძებნას - კლერ ევანსი, Yacht-ის ვოკალისტი.

თავდაპირველად მუსიკოსები სხვადასხვა კომპანიებს დაუკავშირდნენ, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის პროგრამებზე მუშაობდნენ, თუმცა ისინი ვერცერთმა წინადადებამ ვერ დააკმაყოფილა. საბოლოოდ გადაწყვიტეს აეღოთ სხვადასხვა ალგორითმები, რომლებიც მათ დისკოგრაფიას შეისწავლიდნენ.

ბევრმა შეიძლება წარმოიდგინოს მსგავსი სურათი -  რაღაც მოდელს ვქმნით, ვაჭერთ ღილაკს და ვიღებთ სიმღერას. თუმცა სინამდვილეში ასე არ იყო. მუსიკის შექმნის ყველა ეტაპზე ვმონაწილეობდით. საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან მუსიკალურ სტუქტურაზე და ტექსტზე პასუხისმგებელი მუსიკოსია. ალბომი ალგორითმის და მუსიკოსის ერთობლივი პროექტი გამოვიდა- კლერ ევანსი, Yacht-ის ვოკალისტი.

კომენტარები

ბოლო ამბები