Thumbnail

Volocopter-ის მფრინავი ტაქსის სერვისი სამ წელიწადში ამოქმედდება

  • პროექტის განსახორციელებლად გერმანული სტარტაპი 55 მილიონი დოლარის ინვესტიციას მიიღებს
  • მფრინავი ტაქსის სერვისი თავდაპირველად ლონდონში და ბერლინში ამოქმედდება


სექტემბრის დასაწყისში ჰელსინკის საერთაშორისო აეროპორტში გერმანული სტარტაპ Volocopter-ის ელექტრო მფრინავმა ტაქსმა სადემონსტრაციო ფრენა შეასრულა. . კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მფრინავი ტაქსის კომერციული სერვისის დანერგვის კუთხით.  Volocopter 2X პირველი მფრინავი ტაქსია, რომელსაც ვერტიკალურად აფრენა და დაშვება შეუძლია

Volocopter მფრინავი ტაქსის სერვისის სრულფასოვნად ამოქმედებას უახლოეს სამ წელიწადში გეგმავს. ამ გეგმის შესრულებას ხელს შეუწყობს ინვესტიცია, რომელსაც კომპანია უახლოეს პერიოდში მიიღებს. Volocopter პროექტის განსახორციელებლად 55 მილიონ დოლარს რამდენიმე ინვესტორისგან იღებს. ყველაზე დიდი ინვესტორი ჩინური საავტომობილო კომპანია Geely-ა, რომელთან ერთად გერმანული სტარტაპი ჩინეთში ერთობლივი საწარმოს შექმნას აპირებს.

ჯერჯერობით უცნობია როგორ იმუშავებს მფრინავი ტაქსის სერვისი. სავარაუდოდ გერმანული კომპანია საფრენი აპარატების მფლობელი იქნება, სერვისის მომსახურებას კი თავის თავზე ადგილობრივი კომპანიები აიღებენ. მფრინავი ტაქსი ავტონომიური აპარატია, თუმცა პირველი კომერციული რეისების შესრულების დროს დაზღვევის მიზნით საჭესთან პილოტი იჯდება. 

გერმანული სტარტაპის წარმომადგენლების განცხადებით, მფრინავი ტაქსის სერვისი პირველ ეტაპზე საკმაოდ ძვირადღირებული იქნება, თუმცა 5-10 წელიწადში ფასი მნიშვნელოვნად დაიწევს. Volocopter-ის მფრინავი ტაქსის სერვისის დანერგვა თავდაპირველად ევროპის ორ დიდ ქალაქში ლონდონში და ბერლინში, ასევე დუბაიში და სინგაპურში იგეგმება. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები