Thumbnail

Bigelow Aerospace-მა მთვარის ორბიტის სადგურის პროტოტიპი წარმოადგინა

  • სადგურზე ოთხი ასტრონავტის განთავსებაა შესაძლებელი
  • მთვარის ორბიტალური სადგურის პროექტი NASA-მ 2022 წელს უნდა დაიწყოს

კომპანია Bigelow Aerospace-ს, რომელიც მილიარდელ რობერტ ბიგელოუს ეკუთვნის, NASA-ს მთვარის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას სურს. Bigelow Aerospace-მა მთვარის ორბიტის სადგურის პროტოტიპი წარმოადგინა. ამ პროგრამაში მონაწილეობის სურვილს კიდევ რამდენიმე კომპანია გამოთქვამს. თუმცა Bigelow Aerospace-ში აცხადებენ, მათი პროექტი განსაკუთრებულია და მისი განხორციელების შემთხვევაში  ასტრონავტებს კოსმოსში იდეალური საცხოვრებელი პირობები შეექმნებათ.

გასაშლელი კოსმოსური სადგური B 330 ოთხ ასტრონავტისთვისაა განსაზღვრული. საჭიროების შემთხვევაში სადგურზე რამდენიმე თვე შესაძლებელია ხუთი ადამიანის განთავსებაც. სადგური სამი ნაწილისგან შედგება. ქვედა სართულზე ასტრონავტებს დასვენების საშუალება ექნებათ,  მის ზემოთ სამუშაო სივრცეა, სადაც სხვადასხვა ექსპერიმენტებს ჩაატარებენ. ზედა სართულს სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენებენ. აღსანიშნავია, რომ მთვარის ორბიტის სადგურს ორი ტუალეტი აქვს, რაც ასტრონავტებს დამატებით კომფორტს შეუქმნის. 

B 330-ის ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ აპარატს კოსმოსში დაკეცილს გაუშვებენ და მისი გაშლა უკვე შემდგომ ადგილზე მოხდება. ეს ფაქტი პროექტის ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ამ დროისათვის Bigelow Aerospace კოსმოსში რამდენიმე პროტოტიპი გაუშვა. ერთ-ერთი მათგანი, BEAM 2016 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან მივიდა.

იმ შემთხვევაში თუ NASA-მ კომპანიის პროექტი დაამტკიცა, Bigelow Aerospace-ს მთვარის პროექტისთვის ორი სადგურის აწყობა მოუწევს. NASA-ს მთვარის ორბიტალური სადგურის  Artemis Gateway-ს მშენებლობა 2022 წელს უნდა დაიწყოს. სადგური ადამიანის მთვარეზე დასაბრუნებლად ერთგვარ პლაცდარმად უნდა იქცეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები