Thumbnail

აშშ-ის ყველაზე დიდი ქარის ელექტროსადგური ვირჯინიაში გაიხსნება

  • ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა 2022 წელს დაიწყება
  • პროექტის ღირებულება 7,8 მილიარდი დოლარია

ვირჯინიის შტატში, ატლანტის ოკეანის სანაპიროდან 43 კილომეტრის დაშორებით შეერთებული შტატების ყველაზე დიდი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. მშენებლობას კომპანია Dominion Energy დაიწყებს, რომელსაც შტატში 45 ათასი ჰექტარი არენდით აქვს აღებული. პირველადი სამუშაოები ამ ტერიტორიაზე 2020 წელს განხორციელდება, მშენებლობა კი 2022 წელს დაიწყება. 

ქარის ელექტროსადგური 2024 წელს ამუშავდება, სრული დატვირთვით კი ელექტროენერგიის მიწოდებას შტატის მოსახლეობისთვის 2026 წელს დაიწყებს. სადგურზე სულ 200 ქარის ტურბინა იქნება. ქარის ელექტროსადგური ელექტროენერგიას ვირჯინიის შტატის 650 ათას სახლს მიაწოდებს. პროექტის ღირებულება 7,8 მილიარდი დოლარია. 

აღსანიშნავია, რომ ვირჯინია ამ დრომდე შეერთებული შტატების იმ შვიდ შტატს განეკუთვნება, სადაც ქარის ენერგიას არ გამოიმუშავებენ. თუმცა შტატს სამომავლოდ განახლებადი ენერგიის წყაროებთან დაკავშირებული ამბიციური პროექტი გააჩნია. ამ გეგმის მიხედვით  ვირჯინიის შტატი 2050 წლისთვის მთლიანად მწვანე ენერგეტიკაზე უნდა გადავიდეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები