Thumbnail

ვაშინგტონი ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებს სანქციებს უწესებს

  • ჩინური კომპანიები ამერიკული ტექნოლოგიების მიღებას ვეღარ შეძლებენ
  • ჩინურ კომპანიებს ეთნიკური უმცირესობების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ

სავაჭრო და ტექნოლოგიური “ომი” ვაშინგტონსა და პეკინს შორის, რომელიც პერიოდულად მწვავდება, ახალ ფაზაში შევიდა. შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა იმ ჩინური კომპანიების რიცხვი, რომლებსაც სანქციებს უწესებს. მათ შორისაა “ჭკვიანი კამერების” მწარმოებელი Hikvision, ასევე სახის ამომცნობი ტექნოლოგიების შემქმნელი კომპანიები SenseTime და Megvii. 

კერძო კომპანიებთან ერთად “შავ სიაში” ოცამდე სახელმწიფო კომპანია მოხვდა. ამ სანქციებით ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან, რადგან ჩინეთი პროცესორებს ძირითადად სწორედ შეერთებული შტატებიდან იღებს. ჩინური კომპანიები ამ დრომდე აქტიურად თანამშრომობდნენ ამერიკულ Nvidia-სთან. Nvidia-ს ჩიპების გარდა ჩინური კომპანიები Intel-ის პროცესორებს, ასევე Western Digital-ის და Seagate-ის მონაცემების შენახვის სისტემებს ყიდულობენ. სანქციების შედეგად მათ ამ ტექნოლოგიებზე წვდომა აღარ ექნებათ.

ვაშინგტონის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ორგანიზაციები სისტემატიურად არღვევენ ადამიანის უფლებებს, მათ ტექნოლოგიებს კი მოქალაქეებზე თვალთვალისთვის იყენებენ. შეერთებული შტატები ჩინეთს ტექნოლოგიების გამოყენებით ეთნიკური უმცირესობების, მათ შორის უიღურების და ყაზახების დევნაში ადანაშაულებს. ჩინური მხარე ამ დრომდე კომენტარს სანქციებთან დაკავშირებით არ აკეთებს.

კომენტარები

ბოლო ამბები