Thumbnail

სკაფანდრი, რომლითაც ამერიკელები მთვარეზე დაბრუნდებიან

  • NASA-მ მთვარის მისიისთვის ასტრონავტების კოსტუმი ოფიციალურად წარადგინა
  • ახალი სკაფანდრი შესაძლოა მარსის მისიისთვისაც გამოიყენონ 

2024 წელს შეერთებული შტატები მთვარეზე დაბრუნებას გეგმავს. 1969 წელს აპოლოს პროგრამის ფარგლებში პილოტირებული მისიის დროს მთვარეზე ფეხი პირველად მამაკაცმა დადგა. 2024 წელს ამ მისიას NASA ქალ ასტრონავტს დააკისრებს. პროგრამის სახელწოდებაც სწორედ აქედან გამომდინარე შეირჩა. არტემისი (იგივე არტემიდა) ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთი, აპოლონის ტყუპის ცალია. NASA-მ ოფიციალურად წარადგინა სკაფანდრები, რომლებსაც ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე გადასვლის დროს გამოიყენებენ.

მთვარის მისიისთვის დამზადებული სკაფანდრის სახელწოდებაა Exploration Extravehicular Mobility Units (xEMU). გარეგნულად ის ნაკლებად განსხვავდება იმ კოსტუმისგან, რომელიც ნილ არმსტრონგს და ბაზ ოლდრინს აპოლო 11-ის მისიის დროს ეცვათ. თუმცა სკაფანდრის შიგნით არაერთი ინოვაციური ტექნოლოგიაა გამოყენებული. 

ინჟინრებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს სისტემას, რომლითაც ასტრონავტს ჟანგბადი მიეწოდება, ასევე ტემპერატურის და ტენიანობის რეგულირებას. ასტონავტის კოსტუმი საიმედოდ არის დაცული და მასში მტვერის მოხვედრა პრაქტიკულად გამორიცხულია. 

NASA-ს ინჟინრებმა გააუმჯობესეს კოსტუმის კონსტრუქციაც. ასტრონავტები თავისუფლად შეძლებენ 50 კილოგრამიანი კოსტუმის შიგნით ხელის მოძრაობას, დახრას და სიმძიმის აღებას. სკაფანდრში ერთდროულად ორი მიკროფონია ჩამონტაჟებული, რაც ასტრონავტთან კონტაქტს ამარტივებს. NASA-ში აცხადებენ, რომ ახალი სკაფანდრის გამოყენება სამომავლოდ მარსის მისიისთვისაც არის შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები