Thumbnail
  • XC 40 Recharge-ს 402 ცხენის ძალის სიმძლავრე გააჩნია
  • 2025 წელს Volvo-ს გაყიდვების 50 პროცენტი ელექტრომობილებზე მოვა

XC 40 Recharge Volvo-ს პირველი ელექტრომობილია, რომლითაც შვედური კომპანია ელექტრომობილების სეგმენტზე გადასვლას იწყებს. 2040 წლისთვის Volvo შიდა წვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს აღარ გამოუშვებს. უკვე 2025 წელს კი შვედური კომპანია გეგმავს ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილების წარმოების წილი 40 პროცენტამდე შეამციროს. ამის შესახებ Volvo Car Group-ის პრეზიდენტმა ჰაკან სამუელსონმა განაცხადა.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ჩვენი ბრენდის ავტომობილი უსაფრთხო იყოს მძღოლისათვის და მგზავრისათვის. დროა ვიფიქროთ გარემოზეც. გლობალური დათბობა ის პრობლემაა, რომელიც კაცობრიობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. ამიტომ ჩვენი პლანეტის მომავალზე ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ - ჰაკან სამუელსონი, Volvo Car Group-ის პრეზიდენტი.

ქროსოვერ XC 40 Recharge-ს 402 ცხენის ძალის სიმძლავრე გააჩნია. ეს ელექტრომობილი ორჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე ბენზინზე მომუშავე XC40 T4. აკუმულატორის 80 პროცენტამდე დამუხტვისთვის ქროსოვერს 40 წუთი სჭირდება.  დამუხტვის შემდეგ ავტომობილი 400 კილომეტრს გაივლის. 100 კმ/სთ სიჩქარეს  XC 40 Recharge 4,7 წამში ანვითარებს.

ტრადიციულად Volvo განსაკუთრებულ ყურადღებას ავტომობილის უსაფრთხოებაზე ამახვილებს. ელექტრომობილი აღჭურვილია კამერებით, რადარებით და ულტრაბგერითი სენსორებით. მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას სპეციალური ალგორითმი ამუშავებს. ავტომობილის კორპუსმა, რომელიც  განსაკუთრებული სიმყარით გამოირჩევა, ავარიის შემთხვევაში მძღოლი და მგზავრები დაზიანებისგან უნდა დაიცვას.   

კომენტარები

ბოლო ამბები