Thumbnail

რელიგია და ტექნოლოგიები - ვატიკანმა ელექტრონული კრიალოსანი გამოუშვა

  • კრიალოსანი ლოცვისას მომხმარებლის ფიზიკურ აქტივობასაც ითვლის. 
  • მოწყობილობის ფასი 110 ამერიკული დოლარია.

ინოვაციურმა მოწყობილობებმა არაერთ სფეროში ახალი შესაძლებლობები გააჩინა. როგორც ჩანს, ტექნოლოგიის საყოველთაო მნიშვნელობას ვატიკანიც იზიარებს  და ცდილობს,  ტექნოლოგიური პროგრესი  რელიგიის სასარგებლოდ მიმართოს. "Click to Pray eRosary" - ასე ჰქვია ახალ ელექტრონულ კრიალოსანს, რომელიც ვატიკანში პრესკონფერენციაზე წარადგინეს. 

დახვეწილი დიზაინის შავი კრიალოსანი ჩიპით აღჭურვილი მოწყობილობაა, რომელიც სპეციალურ აპლიკაციას სმარტფონის მეშვეობით უკავშირდება. მოწყობილობის ორიგინალური კონცეფციის კიდევ ერთი მანიშნებელი ის არის, რომ სისტემის გააქტიურებისათვის, მომხმარებელმა პირჯვარი უნდა გადაიწეროს. მოწყობილობა ლოცვის ერთგვარი ასისტენტია.  გარდა ამისა, კრიალოსანი ლოცვისას მომხმარებლის ფიზიკურ აქტივობას ითვლის და ამ მონაცემებს ბაზაში ინახავს.

ელექტრონული კრიალოსანის სისტემა  ლოცვის  სამ სხვადასხვა რეჟიმს აერთიანებს - მათ შორის არის: სტანდარტული ფსალმუნები, ფსალმუნის კითხვა განსაზღვრული წესების დაცვით და თემატური ფსალმუნები. ინოვაციური კრიალოსანი მომხმარებელს თითოეული რეჟიმის დასრულებასაც ატყობინებს - ამ ფუნქციით, სისტემა   ფიტნეს აპლიკაციების მსგავსია. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს,  წყალგამძლე კრიალოსანი აღჭურვილია Bluetooth 5.0 ვერსიით და უკაბელო დატენვის რეჟიმით. მისი მენიუ კი ხელმისაწვდომია ინგლისურ, ესპანურ და იტალიურ ენებზე. 

 როგორც ოფიციალური ვატიკანი განმარტავს, მოწყობილობა პაპის პროგრამის -  Worldwide Prayer Network-ის ნაწილია, რომელიც ეკლესიასა და მორწმუნეებს კაცობრიობის სასარგებლოდ აერთიანებს. ელექტრონული კრიალოსანი გაყიდვაში უკვე ჩაეშვა და მისი ფასი 110 ამერიკული დოლარია. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები