Thumbnail
  • Waymo და Renault პარიზში თვითმავალი ტაქსის სერვისს აამოქმედებენ
  • ავტონომიური ტრანსპორტი 34 კილომეტრიან მონაკვეთზე იმოძრავებს

კომპანია Waymo-მ ტრანსპორტისთვის ავტონომიური ტექნოლოგიის შემუშავება 2009 წლიდან დაიწყო. 2017 წლიდან კლიენტებმა პირველად შეძლეს კომპანიის თვითმავალი ტრანსპორტით სარგებლობა. უკვე წელს ფინიქსის გარეუბანში  ავტონომიური ტაქსი იმოძრავებს, სადაც მძღოლი დაზღვევის მიზნითაც კი აღარ იჯდება. თუმცა ამერიკულ კომპანიას კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს. Waymo თვითმავალი ტაქსის სერვისის დანერგვას ევროპის დიდ ქალაქებშიც აპირებს. ერთ-ერთი ქალაქი, სადაც ავტონომიური ტაქსი გამოჩნდება პარიზია.

პროექტში Waymo-სთან ერთად ფრანგული ავტომწარმოებელი Renault მონაწილეობს. თვითმავალი ტაქსის სერვისი არა მთელ ქალაქში, არამედ ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე იმოქმედებს. მარშრუტის სიგრძე 34 კილომეტრია. ავტონომიური ტრანსპორტი შარლ დე გოლის აეროპორტიდან ლა-დეფანსის რაიონამდე იმოძრავებს, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. 

ამერიკული კომპანია ამ სერვისის ამოქმედებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან ეს Waymo-ს პირველი მასშტაბური პროექტია შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ. სერვისის ამოქმედების სავარაუდო თარიღად 2024 წელი სახელდება, როდესაც პარიზი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები