Thumbnail

Volocopter-ის მფრინავმა ტაქსმა სინგაპურის ყურეს გადაუფრინა

  • საცდელი ფრენის დროს საფრენმა აპარატმა 1,5 კილომეტრი დაფარა
  • მსგავსი ფრენების შესრულებას გერმანული კომპანია ევროპის ქალაქებშიც გეგმავს

Volocopter-ის საფრენმა აპარატმა საცდელი ფრენის დროს 1,5 კილომეტრის მანძილი დაფარა და სინგაპურის ყურე მარინა ბეის გადაუფრინა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით ეს ამ დრომდე  Volocopter X2-ის მიერ  შესრულებული ყველაზე რთული ფრენა იყო. ცათამბჯენების ფონზე მოძრავი მომავლის ტრანსპორტის ვიდეო ინტერნეტით უკვე გავრცელდა.

არასდროს ადამიანები არ იყვნენ ასე ახლოს მოვლენასთან, რომელსაც ადრე მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის რომანებში ვკითხულობდით. უახლოეს მომავალში სრულიად რეალური იქნება მფრინავი ტაქსით ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში გადასვლა. საჰაერო ტრანსპორტი დიდი ქალაქების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილი გახდება. დღევანდელი გამოცდით ჩვენმა საფრენმა აპარატმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი მომავალი აქვს - ფლორიან როიტერი, Volocopter-ის გენერალური დირექტორი.

საცდელი ფრენის დროს Volocopter X2-ის კაბინაში პილოტი იჯდა, თუმცა მომავალში საფრენი აპარატი ფრენებს პილოტის გარეშე შეასრულებს. მფრინავი ტაქსი ორი მგზავრის გადაყვანას შეძლებს. ფრენის მაქსიმალური დისტანცია 35 კილომეტრია. საფრენ აპარატს შეუძლია 110 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს.

Volocopter-ის დირექტორის ფლორიან როიტერის განცხადებით, კომპანიას მხარდაჭერა მსოფლიოს არაერთი ქალაქის მხრიდან აქვს. წლის ბოლომდე სინგაპურში კიდევ რამდენიმე საცდელი ფრენის შესრულება იგეგმება. გერმანული კომპანია მსგავსი ფრენების შესრულებას ევროპის რამდენიმე ქალაქშიც გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები