Thumbnail

ბრიტანეთის ქალაქებში თვითმავალი ტრანსპორტის გამოცდა დაიწყო

  • ავტონომიური ტრანსპორტი მაგისტრალებზე და ქალაქებში იმოძრავებს
  • თვითმავალი ტრანსპორტი ლონდონის ორ რაიონში გამოჩნდება

ბრიტანეთის გზებზე თვითმავალი ტრანსპორტის მასშტაბური გამოცდა დაიწყო. ავტონომიური ტრანსპორტის მარშრუტი, როგორც ქალაქებს შორის დამაკავშირებელ მაგისტრალებზე, ასევე დასახლებულ პუნქტებში გადის. პროექტი სახელწოდებით StreetWise დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო. მისი მიზანია სატრანსპორტო სისტემაში ინოვაციური და რევოლუციური ტექნოლოგიების დანერგვა.

ავტონომიური ტრანსპორტის პოტენციალი ძალიან დიდია. ეს ინოვაცია გზებზე უსაფრთხოებას გაზრდის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის დამატებით იმპულსს მოიტანს. ეს არის სატრანსპორტო რევოლუციის ახალი ეტაპი, რომელიც ბრიტანეთს ავტონომიური ტრანსპორტის განვითარების მხრივ მსოფლიო ლიდერად აქცევს - გრანტ შეპსი, დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრი.

იმ ქალაქებს შორის, სადაც თვითმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ლონდონიც არის. ბრიტანეთის დედაქალაქის ორ რაიონში - ქროიდონში და ბრომლიში სპეციალური მარშრუტი შეიმუშავეს, რომლის სიგრძე 19 კილომეტრია.ტესტირების პირველ ეტაპზე ავტონომიურ ტრანსპორტში დაზღვევის მიზნით მძღოლიც იჯდება. თვითმავალი ავტომობილები მარშრუტზე მოძრაობის დროს მგზავრების ასაყვანად წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე გაჩერდებიან.

ტექნიკური დეტალების გარდა ექსპერიმენტის დროს  StreetWise-ის წარმომადგენლები ასევე დააკვირდებიან მგზავრების რეაქციას: რამდენად კომფორტულად გრძნობენ ისინი თავს თვითმავალ ავტომობილებში, აქვთ თუ არა სურვილი მსგავს სერვისში თანხა გადაიხადონ და რა პრობლემები შეექმნებათ ინოვაციური სერვისით სარგებლობის დროს. ავტომონიური ტექნოლოგია, რომელსაც ექსპერიმენტის დროს იყენებენ, კომპანია  FiveAI-ის მიერ არის შექმნილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები