Thumbnail

NASA მთვარის გამოსაკვლევად აპარატ Viper-ს ამზადებს

  • მთვარემავალმა დედამიწის თანამგზავრზე წყლის რესურსები უნდა მოიძიოს
  • Viper-ის გაშვება მთვარეზე 2022 წლისთვის იგეგმება

მთვარის კოლონიზაციის სურვილი კაცობრიობას საუკუნეებია გააჩნია. დედამიწის თანამგზავრზე კოლონიის დასაფუძნებლად  ერთ-ერთი აუცილებელი პირობა რესურსებია, მათ შორის პირველ რიგში წყალი. მთვარის სამხრეთ პოლუსის ყინულოვან მასის წყლის რესურსების გამოსაკვლევად NASA ახალ მისიას ამზადებს. აპარატი სახელწოდებით Viper დედამიწის თანამგზავრზე 2022 წელს უნდა დაჯდეს.

NASA-ს მონაცემებით წყალი ყინულის მასის სახით არსებობს, როგორც მთვარის ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ პოლუსზე. სხვადასხვა გათვლებით სამხრეთ პოლუსზე განლაგებული კრატერ შეკლტონის ზედაპირის 20-დან 22 პროცენტამდე ყინულით არის დაფარული. 2024 წელს არტემისის მისიის ფარგლებში ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე გადასვლა სწორედ დედამიწის თანამგზავრის სამხრეთ პოლუსზე იგეგმება. Viper მთვარეზე ორი წლით ადრე უნდა დაჯდეს და ამ ტერიტორიის შესწავლა დაიწყოს.

მთვარემავალი ოთხი ძირითადი მოწყობილობით იქნება აღჭურვილი, მათ შორის არის სპეციალური ბურღი. წყლის მოძიების გარდა  Viper მთვარის გრუნტსაც შეისწავლის. მთვარემავლის მისია დედამიწის თანამგზავრზე 100 დღე გაგრძელდება. Viper-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე NASA-ს მეცნიერები იმ ტერიტორიის დეტალურ რუკას შეადგენენ, სადაც წყალი ყინულის სახით არსებობს.

კომენტარები

ბოლო ამბები