Thumbnail

Fisker-მა ეკომეგობრული ელექტრომობილი დააანონსა

  • ავტომობილის სახურავზე მზის პანელებია დამონტაჟებული.
  • სალონი მთლიანად გადამუშავებული ნარჩენებისაგან მიღებული მასალით არის დამზადებული.

ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Fisker ახალ ელექტრომობილს გამოუშვებს. მოდელი სახელწოდებით - Ocean სპორტული და მრავალმხრივი გამოყენების ელექტრომობილია. Ocean-ის დიზაინზე ცნობილმა ავტო-დიზაინერმა, ჰენრიკ ფისკერმა იმუშავა. ელექტრომობილის ფასი 40,000 ამერიკული დოლარია. 

Ocean აღჭურვილია 80-კილოვატიანი ლითიუმ-იონის ბატარეით, რომელის ერთი სრული დატენვით, ავტომობილი  დაახლოებით 483 კილომეტრს გადის. ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, ელექტრომობილის გადაადგილებისას, გარემოზე მავნე ზემოქმედების მაჩვენებელი მინიმუმამდეა დაყვანილი. Ocean -ის სახურავზე მზის პანელებია დამონტაჟებული, რომელიც კვების ეკომეგობრული წყაროა. აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილის მართვისას, სხვადასხვა ოპერაციის უმრავლესობას მძღოლები სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით განახორციელებენ.

Ocean-ის სალონის შემადგენელი ნაწილები მთლიანად გადამუშავებული ნარჩენებისაგან მიღებული მასალით არის დამზადებული - მათ შორის არის ოკეანის ფსკერიდან მოპოვებული სათევზაო ბადეებისა და პლასტმასის გადამუშავებით მიღებული სალონის ხალიჩები. სავარძლების დიზაინში კი, არ არის გამოყენებული ნატურალური ტყავი.

ელექტრომობილის  წარმოებას Fisker 2021 წლის მიწურულს დაიწყებს, საავტომობილო ბაზარზე კი Ocean 2022 წლისათვის გამოჩნდება.  დაინტერესებული მომხმარებლები ელექტრომობილის წინასწარ შეკვეთას კი, 2019 წლის 27 ნოემბრიდან, კომპანიის ახალი აპლიკაციის მეშვეობით შეძლებენ.   

 

კომენტარები

ბოლო ამბები