Thumbnail

NASA-ს ვარსკვლავთშორის სივრცეში მისიის გაგზავნა სურს

  • მისიის დაწყების სავარაუდო თარიღად 2030 წელს ასახელებენ
  • აქამდე ვარსკვლავთშორის სივრცეს Voyager 1-მა და Voyager 2-მა მიაღწია

ვარსკვლავთშორისი სივრცე არის მატერია რომელიც არსებობს სივრცეში ვარსკვლავურ სისტემებს შორის გალაქტიკაში. ეს მატერია მოიცავს აირს, იონურ, ატომურ  და მოლეკულურ ფორმაში, ასევე მტვერსა და კოსმოსურ სხივებს. ის ავსებს ვარსკვლავთშორის სივრცეს და გლუვად ირევა გარშემო არსებულ გალაქტიკათშორის სივრცეში. 

2018 წელს NASA-ს კოსმოსური აპარატი Voyager 2 გავიდა ჰელიოსფეროდან-მზის გარშემო არსებული სივრცის რეგიონიდან და ვარსკვლავთშორის სივრცეს მიაღწია. აპარატის ბორტზე არსებული ხელსაწყოებიდან დედამიწაზე გამოგზავნილი მონაცემების საფუძველზე NASA-მ მიიღო ინფორმაცია, რომ Voyager 2-მა ჰელიოსფეროსა და ვარსკვლავშორის სივრცის საზღვარი 2018 წლის 5 ნოემბერს გადაკვეთა და ამ დროს დედამიწიდან 17,7 მილიარდი კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა. Voyager 2 იქცა ადამიანის მიერ შექმნილ მეორე ობიექტად, რომელმაც ამ მანძილის დაფარვა შეძლო. მანამდე 2012 წელს ვარსკვლავთშორის სივრცეს Voyager 1 -მა მიაღწია. 

აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოს სურს ახალი მისია დაგეგმოს, რომლის ფარგლებშიც კოსმოსური აპარატი ვარსკვლავთშორის სივრცეში მოხვდება. ამ პროგრამაზე ჯონს ჰოპკინსის ფიზიკის ლაბორატორიის მეცნიერები მუშაობენ. მისიის დაწყების სავარაუდო თარიღად NASA-ში 2030 წელს ასახელებენ. 

პირველადი მონაცემებით აპარატის წონა, რომელსაც კოსმოსში გაუშვებენ 770 კილოგრამია. ხომალდმა კოსმოსში გაშვების დროს მაქსიმალური სისწრაფე უნდა აკრიფოს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდა,  მზის სისტემის დატოვებას აპარატი 15 წელიწადში შეძლებს. NASA-ში მიიჩნევენ, რომ მისია წარმატების შემთხვევაში კოსმოსის ათვისების თვალსაზრისით რევოლუციური იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები