Thumbnail

სიახლეები Adobe-ს ყოველწლიური კონფერენციიდან

  • Adobe Aero გამოსახულებაზე დამატებული რეალობის ინტეგრირებისათვის გამოიყენება.
  • Photoshop Camera მომხმარებელს გადაღებისას, რეალურ დროში, სხვადასხვა ეფექტის გამოყენების საშუალებას აძლევს. 

კომპიუტერული პროგრამების ერთ-ერთმა წამყვანმა საერთაშორისო კოპანია -  Adobe-მ  2 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში  ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელიც 6 ნოემბრამდე გაგრძელდება. ღონისძიების მიმდინარეობისას, Adobe-მ  პრესას და ტექნოლოგიურ სექტორს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე უკვე წარუდგინა. 

 

2020 წელს  Adobe iPad-თან თავსებად ვექტორული გრაფიკის პროგრამა Illustrator-ს და გრაფიკულ რედაქტორ - Photoshop-ს გამოუშვებს. პროგრამები  ყველა ძირითად ფუნქციას სთავაზობს მომხმარებელს, გარდა ამისა, ის მოიცავს დამატებით ფუნქციებსაც,  რომლებიც სპეციალურად სენსორული ეკრანით აღჭურვილი მოწყობილობებისათვის დაიწერა. 

 

Photoshop Camera - ეს კიდევ ერთი ახალი პროდუქტია, რომელსაც Adobe მომხმარებელს შესთავაზებს.  Photoshop Camera  არის აპლიკაცია, რომელშიც ხელოვნური ინტელექტია ინტეგრირებული. აპლიკაცია  გადაღებისას, რეალურ დროში, მომხმარებელს საშუალებას აძლევს გამოიყენოს სხვადასხვა ეფექტი. ამასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი თავადვე ახდენს ობიექტის სკანირებას და რეკომენდებულ ეფექტებს გვთავაზობს.

 

Adobe-მ  კონფერენციაზე ახალი პროგრამა Aero წარადგინა, რომელიც გამოსახულებაზე დამატებული რეალობის ინტეგრირებისათვის გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ Aero განსაკუთრებით ამარტივებს საქმეს დამწყები დიზაინერებისათვის. 

 

კომპანიის სახატავი აპლიკაცია Adobe Fresco, რომელიც აქამდე მხოლოდ iPad-თან იყო თავსებადი, Windows-ის მომხმარებლებისათვისაც იქნება ხელმისაწვდომი. iPad-ის ვერსიის მსგავსად, Fresco-ს ახალი ვერსია უფასო იქნება Adobe Creative Cloud-ის გამომწერებისათვის, ხოლო დანარჩენ მომხმარებლებს პროგრამით სარგებლობისათვის, თვეში $9.99 გადახდა მოუწევთ. 

 

კიდევ ერთი სიახლე სამონტაჟო პროგრამა Premiere Pro-ს ეხება. Auto Reframe - ეს არის ახალი ფუნქცია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, გარკვეულ ოპერაციებს ავტომატურ რეჟიმში განახორციელებს. ამ ფუნქციებს შორის არის ვიდეოს მოჭრა და სოციალური ქსელებისათვის განკუთვნილი პარამეტრებით  კონვერტაცია.

კომენტარები

ბოლო ამბები