Thumbnail

Lilium-ის მფრინავი ტაქსი კლიენტებს 2025 წლიდან მოემსახურება

  • გერმანული კომპანია სერვისს ერთდროულად რამდენიმე ქალაქში განახორციელებს
  • საფრენი აპარატი ხუთი მგზავრის გადაყვანას შეძლებს

მფრინავი ტაქსის სერვისის დანერგვაზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ერთდროულად რამდენიმე კომპანია მუშაობს. Volocopter, Kitty Hawk, Vahana, Alakai Skai ცდილობენ ისეთი საფრენი აპარატის შექმნას, რომელიც მგზავრს ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში კომფორტულად და სწრაფად გადაიყვანს. ამ მხრივ განსაკუთრებით გერმანული კომპანია Volocopter გამოირჩევა, რომლის აპარატი უკვე ევროპაშიც და აზიაშიც გამოსცადეს. თუმცა გერმანიაში კიდევ არის ერთი სტარტაპი, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდ წარმატებას მიაღწია.

Lilium GmbH 2015 წელს ოთხმა ინჟინერმა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფმა დააფუძნა. მას შემდეგ კომპანია სწრაფად განვითარდა და დღეს უკვე 350 თანამშრომელი ჰყავს. Lilium-მა უკვე გახსნა ელექტრო საფრენი აპარატების ერთი ქარხანა, მეორე საწარმოს მშენებლობა კი დაწყებულია. გერმანული კომპანიის მფრინავი ტაქსი ხუთი მგზავრის გადაყვანას შეძლებს. სერიული მოდელი 300 კმ/სთ სიჩქარით იფრენს. 

Lilium-ის წარმომადგენლის ოლივერ უოკერ-ჯონსის განცხადებით, საფრენი აპარატით კლიენტების გადაყვანა მოკლე დისტანციაზე (5-6 კილომეტრი) რენტაბელური არ არის. მფრინავ ტაქსს 40-დან 300 კილომეტრამდე მანძილზე შესასრულებელი რეისებისთვის გამოიყენებენ. 

2025 წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ ავამოქმედოთ მფრინავი ტაქსის სერვისი მსოფლიოს რამდენიმე დიდ ქალაქში. ამ ეტაპზე ვერ დავაკონკრეტებთ ქალაქებს, სადაც ჩვენი პროექტი დაიწყება, რადგან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას დასახლებულ პუნქტებში გარკვეული დრო დასჭირდება. ასაფრენ-დასაფრენი მოედნებისთვის ყველაზე ოპტიმალურ ადგილებს ვეძებთ - ოლივერ უოკერ-ჯონსი, Lilium-ის წარმომადგენელი.

იმისათვის, რომ კლიენტებმა მფრინავი ტაქსის სერვისით ისარგებლონ სმარტფონში სპეციალური აპლიკაცია უნდა გადმოწერონ. აპლიკაციის მეშვეობით მგზავრი გაარკვევს რომელი ასაფრენი მოედნიდან და რა დროს მიფრინავს აპარატი კონკრეტული მიმართულებით. Lilium არა მხოლოდ საფრენი აპარატების წარმოებას გეგმავს, არამედ თავად აპირებს განახორციელოს მფრინავი ტაქსის სერვისის მენეჯმენტი. 

კომენტარები

ბოლო ამბები