Thumbnail

ფოტოხაფანგმა გადაშენებულად მიჩნეული სახეობა დააფიქსირა

  • მინიატურული ჩლიქოსანი კამერამ ვიეტნამის მთებში გადაიღო
  • იშვიათი ცხოველის შესახებ მეცნიერებს 30 წელი ინფორმაცია არ ჰქონდათ

ცხოველებზე დაკვირვებისთვის ბიოლოგები უკვე წლებია აქტიურად იყენებენ ფოტოხაფანგებს. ციფრული კამერის კონსტრუქცია კარგად არის დაცული ამინდის და გარემოს ზეგავლენისგან და არც გარეული ცხოველების ყურადღებას იქცევს. ფოტოხაფანგი მეცნიერებს საშუალებას აძლევს მიიღონ უნიკალური ინფორმაცია იშვიათი სახეობების, მათი არეალის და პოპულაციის შესახებ. სწორედ ფოტოხაფანგი დაეხმარა ეკოლოგებს გადაშენებულად მიჩნეული ძუძუმწოვრის ხელახლა აღმოჩენაში. 

Tragulus versicolor ირმისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, რომელიც ყველაზე პატარა ჩლიქოსანია. ეს ცხოველი ზომით კატის ხელაა და  მხოლოდ ხუთ კილოგრამს იწონის. იშვიათი ჩლიქოსანი პირველად 1910 წელს აღწერეს. მისი გავრცელების არეალი ვიეტნამში ჩიონგშონის მთიანი მასივის ტყის ზოლით შემოიფარგლებოდა. თუმცა ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ძუძუმწოვრის შესახებ მეცნიერებს ინფორმაცია არ ჰქონდათ. მინიატურული ირემი უკვე გადაშენებულად მიიჩნეოდა.

ორგანიზაცია Global Wildlife Conservation-ის სამეცნიერო ჯგუფმა ჩლიქოსნის მოსაძებნად ვიეტნამში ექსპედიცია მოაწყო. ადგილობრივებმა ექსპედიციის წევრებს უთხრეს, რომ მიუვალ ტყის მასივში იშვიათი ცხოველი ჯერ კიდევ ბინადრობს. ეკოლოგებმა ტყეში მცირე ზომის  ფოტოკამერები დაამონტაჟეს. სულ მალე ფოტოხაფანგმა მინიატურული ჩლიქოსნის არაერთი ფოტო გადაიღო. მეცნიერები ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ რამდენად სტაბილურია ეს პოპულაცია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დოკუმენტურად დამტკიცდა გადაშენებულად მიჩნეული ცხოველის ბუნებაში არსებობა.

კომენტარები

ბოლო ამბები