Thumbnail

საკულტო მოდელის ახალი სიცოცხლე - Motorola Razr დაბრუნდა

  • Motorola Razr გლობალურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2020 წლის იანვრიდან გამოჩნდება.
  • მოწყობილობის ფასი 1,500 ამერიკული დოლარიდან  იწყება.

ბოლო რამდენიმე კვირაა, ტექნოლოგიური გამოცემების ყურადღების ცენტრში, Motorola-ს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელის -  2004 წელს გამოშვებული Motorola Razr-ის  დაანონსებული განახლებული ვერსიაა, რომელიც კომპანიამ  საგანგებო დახურულ კონფერენციაზე რამდენიმე საათის წინ  წარადგინა.მალევე, ინტერნეტში მობილური ტელეფონის დამატებითი ვიზუალური მასალაც გავრცელდა, შესაბამისად, მისი დიზაინის კონცეფციაზე უფრო მეტი გაირკვა. 

როგორც მოსალოდნელი იყო, Motorola-მ სწორად გათვალა მომხმარებლების ნოსტალგიური სენტიმენტები და ახალი თაობის მობილურ მოწყობილობას რეტრო დიზაინი შეუნარჩუნა. ერთი შეხედვით ნაცნობი მოდელის გახსნისას, კლავიატურის ნაცვლად, მომხმარებლებს მთლიანი ეკრანი ხვდებათ, რომელიც თანამედროვე სმარტფონების ყველა ვიზუალურ და ტექნიკურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. აღსანიშნავია, რომ Motorola Razr-ს მოწყობილობის კორპუსზეც აქვს ერთი დამატებითი პატარა ეკრანი.

 

Motorola Razr-ის  გარე ერკანი, 2,7 დიუმია, მისი ძირითადი ფუნქციაა, მომხმარებელმა მოწყობილობის გახსნის გარეშე მიიღოს ისეთი ინფორმაცია, როგორიც არის  -  დრო, კალენდარი და სხვადასხვა შეტყობინება.  მოწყობილობა გადაშლისას სრულიად ტრანსფორმირდება და თვალსაჩინო ხდება მისი   6,2-დიუმიანი  OLED ეკრანი.  ტექნოლოგიურ ბაზარზე  Motorola Razr-ის ორი ვერსია გამოჩნდება, რომლებიც შიდა მეხსიერების მაჩვენებლით განსხვავდებიან ( 64GB და 128 GB). ასევე, შესაძლებელია სმარტფონში გარე მეხსიერების ბარათის ინტეგრირებაც. 

Motorola Razr-ის გაყიდვები შეერთებულ შტატებში, 2019 წლის 26 დეკემბრიდან დაიწყება, გლობალურ ტექნოლოგიურ ბაზარზე კი 2020 წლის იანვრიდან გამოჩნდება. მოდელის ფასი 1,500 ამერიკული დოლარიდან იწყება. დამატებით დეტალებს მწარმოებელი საჯარო კონფერენციაზე გამოაცხადებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები