Thumbnail

სეულში მილიონამდე სახლზე მზის პანელებს დაამონტაჟებენ

  • მზის პანელები ყველა საზოგადოებრივ შენობაზე და საცხოვრებელ სახლებზე განთავსდება
  • გეგმის მიხედვით პროექტი 2022 წელს უნდა დასრულდეს

სამხრეთ კორეა ამჟამად სიდიდით აზიის მეოთხე ეკონომიკაა ( ჩინეთის, ინდოეთის და იაპონიის შემდეგ). ელექტროენერგიის ძირითად წყაროდ 52 მილიონიან ქვეყანაში გაზი, ნახშირი და ატომური ელექტროსადგურები რჩება. თუმცა კორეის მთავრობამ უკვე მიიღო ქვეყნის ენერგოსექტორის განვითარების ახალი გეგმა, რომლის მიხედვითაც 2040 წელს სახელმწიფომ გამომუშავებული ელექტროენერგიის 35 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროდან უნდა მიიღოს.

ენერგოსექტორის მასშტაბური განახლება ქვეყნის დედაქალაქიდან იწყება. სეულში ათ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. 2022 წლამდე მეგაპოლისის ყველა საზოგადოებრივ შენობაზე და მილიონამდე  საცხოვრებელ სახლზე მზის პანელებს დაამონტაჟებენ. ქალაქის ცენტრალურ მოედან კვანხვამუნზე მზის პანელები უკვე 2020 წლის იანვარში გამოჩნდება. 

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით 115 ქვეყანას შორის, სადაც კვლევა ჩატარდა, სამხრეთ კორეა განახლებად ენერგიაზე გადასვლის თვალსაზრისით 49 ადგილს იკავებს. ქვეყნის მთავრობას სურს, რომ ენერგოსექტორში ისეთივე ბალანსს მიაღწიოს, როგორც ევროპის ყველაზე განვითარებულმა ქვეყნებმა, მაგალითად დიდმა ბრიტანეთმა, სადაც განახლებადი ენერგიის წილი 50 პროცენტს აღემატება.

კომენტარები

ბოლო ამბები