Thumbnail
  • ელექტრო პიკაპი ლოს ანჯელესში თავად ილონ მასკმა წარადგინა
  • Cybertruck-ის მინიმალური ღირებულება 39 900 დოლარია

პიკაპი, რომლის პრეზენტაციასაც ავტომოყვარულები რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდნენ, თავად Tesla-ს დამფუძნებელმა წარადგინა. ავტომობილის დიზაინს ამ დრომდე საიდუმლოდ ინახავდნენ. ზაფხულში ილონ მასკმა ერთ-ერთ ინტერვიუში მინიშნება გააკეთა, რომ პიკაპი ფუტურისტული დიზაინით გამოირჩევა. ლოს ანჯელესში გამართულ პრეზენტაციაზე სცენაზე გამოჩნდა ელექტრომობილი, რომელიც გეომეტრიული, ბრუტალური დიზაინით გამოირჩევა. 

Tesla მომხმარებელს ელექტრო პიკაპის სამ ვერსიას სთავაზობს. ყველაზე იაფი Cybertruck-ის ფასი 39 900 დოლარია. ეს ელექტრომობილი დამუხტვის შემდეგ 400 კილომეტრს გადის. მოდელი, რომელიც ორი ძრავით არის აღჭურვილი და 480 კილომეტრს გაივლის, 49 900 დოლარი ღირს. ყველაზე ძვირადღირებული სამძრავიანი პიკაპია, რომლის შეძენაც 69 900 დოლარად არის შესაძლებელი. ეს ელექტრომობილი დამუხტვის შემდეგ 800 კილომეტრს გაივლის.

100 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებისათვის ელექტრო პიკაპს სულ სამი წამი სჭირდება. Cybertruck-ის ყველა ვერსიას აქვს Autopilot. ავტონომიური მართვის სრული პაკეტი დამატებით 7 000 დოლარი ჯდება. პიკაპს გააჩნია ელექტრო გენერატორი, რაც მას “საველე”  ელექტროსადგურად გადააქცევს. ავტომობილის კორპუსი იმავე მასალისგან არის დამზადებული, რომლითაც Space X-ის მარსზე და მთვარეზე გასაშვებ კოსმოსურ ხომალდ Starship-ის აწყობენ.

Tesla-სთვის ელექტრო პიკაპის გამოშვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შეერთებულ შტატებში ყოვეწლიურად დაახლოებით სამი მილიონი პიკაპი იყიდება. წინასწარი პროგნოზებით Cybertruck პიკაპების სეგმენტში უახლოეს პერიოდში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას დაიკავებს და კომპანიას დიდ ფინანსურ მოგებას მოუტანს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები