Thumbnail
  • გლობალურმა დათბობამ დიდ ბარიერულ რიფს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა
  • ლაბორატორიაში გამოყვანილ მარჯნის პოლიპებს ბუნებრივ გარემოში დააბრუნებენ

დიდი ბარიერული რიფი მარჯნის რიფების უზარმაზარ ჯაჭვს წარმოადგენს, რომელიც წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის შედგება 2900-ზე მეტი მარჯნის რიფისგან და 900-მდე კუნძულისგან, რომლებიც გადაჭიმულია ავსტრალიის სანაპირო ზოლის გასწვრივ 2500 კილომეტრის მანძილზე.  დიდი ბარიერული რიფი დედამიწაზე ყველაზე დიდი ბუნებრივი ობიექტია, რომლის დანახვა კოსმოსიდანაც არის შესაძლებელი. 

ოკეანის ტემპერატურის ცვლილებამ დიდ ბარიერულ რიფს საგრძნობი ზიანი მიაყენა. 2016-2017 წლებში რიფის ჩრდილოეთ ნაწილში მარჯნებმა მასობრივად დაკარგეს ფერი, რისი მიზეზიც წყლის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა გახდა. კვლევის მიხედვით გლობალური დათბობის გამო სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო წყლის ზედაპირთან მყოფი მარჯნების სამოცდაათმა პროცენტმა. მკვლევარების გათვლებით თუ გლობალური დათბობის პროცესი ამავე ტემპით გაგრძელდა რამდენიმე ათწლეულში დედამიწის ყველაზე დიდ ბუნებრივ ობიექტს განადგურების საფრთხე დაემუქრება.

ავსტრალია მარჯნის რიფების აღსადგენად ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობს. ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მარჯნების და წყალმცენარეების ხელოვნური გამრავლებაა. ამისათვის სპეციალურ აპარატ LarvalBot-ს იყენებენ. მარჯნის პოლიპებს და წყალმცენარეებს ლაბორატორიაში გაამრავლებენ, შემდეგ კი ბუნებრივ გარემოში დააბრუნებენ. ლაბორატორიაში გამოყვანილ წყალმცენარეებს სითბოსადმი უფრო მაღალი გამძლეობა აქვთ, რაც მათ გლობალური დათბობის ფონზე შექმნილ ახალ კლიმატურ პირობებთან შეგუების საშუალებას მისცემს.

ამჟამად ხელოვნურად გამოყვანილი მარჯნები სპეციალურ წყალსაცავში გამრავლებას აგრძელებენ. მათი ბუნებრივ გარემოში დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება. ავსტრალიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პროექტის წარმატების შემთხვევაში შესაძლებელია ეს მეთოდი დედამიწის სხვა მარჯნის რიფების აღსადგენადაც გამოიყენონ.

კომენტარები

ბოლო ამბები