Thumbnail

ათასობით ბრიტანელს დრონის დაურეგისტრირებლობის გამო ჯარიმა ემუქრება

  • ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის უწყებამ საფრენი აპარატების მფლობელებს რეგისტრაციისათვის 25 დღეს მისცა
  • 90 ათასი მფლობელიდან საკუთარი დრონი მხოლოდ 40 ათასმა დაარეგისტრირა

დიდი ბრიტანეთის 50 ათასამდე მოქალაქეს 1000 გირვანქა ჯარიმის გადახდა ემუქრება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ისინი 2019 წლის 1 დეკემბრამდე მათ მფლობელობაში მყოფ დრონებს ოფიციალურად არ დაარეგისტრირებენ. რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა უპილოტო საფრენი აპარატისთვის, რომლის წონა 250 გრამს აღემატება. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს სამოქალაქო ავიაციის უწყებამ მიიღო.

გადაწყვეტილება ოფიციალურად 2019 წლის 5 ნოემბერს გამოაცხადეს. საფრენი აპარატების მფლობელებს მათი დარეგისტრირებისათვის 25 დღეს მისცეს. დრონის მფლობელს აპარატის დასარეგისტრირებლად 9 გირვანქის გადახდა მოუწევს. ამასთან ერთად მან უნდა გაიაროს სპეციალური ონლაინ კურსი და გამოცდა ჩააბაროს. ამ პროცედურის დასრულების შემდეგ დრონს უნიკალურ კოდს მიანიჭებენ. კოდი უპილოტო საფრენი აპარატის დაკარგვის შემთხვევაში მის იდენტიფიკაციას გაამარტივებს.

დაურეგისტრირებელი უპილოტო აპარატის ფრენის დაფიქსირების შემთხვევაში მის მფლობელს სოლიდური თანხის, 1000 გირვანქის გადახდა მოუწევს. მიუხედავად ამისა, დრონების მფლობელების უმრავლესობამ ამ დრომდე სამოქალაქო ავიაციის უწყების დირექტივის სრული იგნორირება მოახდინა. დიდ ბრიტანეთში უპილოტო საფრენი აპარატი 90 ათასამდე მოქალაქეს გააჩნია. 29 ნოემბრისთვის საკუთარი დრონი ოფიციალურად  მხოლოდ 40 ათასმა ბრიტანელმა დაარეგისტრირა. 

კომენტარები

ბოლო ამბები