Thumbnail

Motorola-მ კიდევ ერთი ახალი სმარტფონი გამოუშვა

  • One Hyper-ის ბატარეა, უწყვეტი მუშაობის პირობებში, 38 საათს ძლებს.
  • მოწყობილობის ფასი 399 დოლარია. 

მობილური ტექნოლოგიების მწარმოებელ Motorola-ს მომხმარებლისათვის კიდევ ერთი სიახლე აქვს. საქმე ამჯერადაც სმარტფონის ახალ მოდელს ეხება. One Hyper - ასე ეწოდება ჭკვიან მობილურ ტელეფონს, რომელიც ეკრანის, ბატარეის და კამერის მახასითებლებით გამოირჩევა. მოწყობილობის ეკრანზე მინიმალური ზომის შავი კიდეებია - ჩარჩო, რომლის გამოც ახალი თაობის თითქმის ყველა სმარტფონის ეკრანი მნიშვნელოვნად მცირდება ზომაში. One Hyper-ის  6.5-დიუმიანი, 2340 x 1080 ეკრანის მასიური მოცულობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ სელფის კამერა კორპუსიდან ამოდის. 

გარდა ამისა, Motorola-ს ახალი მოდელი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბატარეით აღჭურვილი სმარტფონია. კომპანიის განცხადებით, ბატარეა ერთი დამუხტვით, უწყვეტი მუშაობის პირობებში, 38 საათს ძლებს.  One Hyper-ს 128GB შიდა მეხსიერება და 4GB ოპერაციული მეხსიერება (RAM) აქვს. მობილური მოწყობილობა Android 10  ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. 

One Hyper-ს ორი ძირითადი კამერა აქვს. მთავარი ორმაგი კამერა 64-მეგაპიქსელიან და 16-მეგაპიქსელიან ლინზას აერთიანებს, მეორე კამერა კი - 108 გრადუსის გაფართოების 8-მეგაპიქსელიან ლინზას. რაც შეეხება ე.წ სელფის კამერას - ის 32-მეგაპიქსელიანი ლინზით არის აღჭურვილი. One Hyper გაყიდვაში 2019 წლის 4 დეკემბრიდან ჩაეშვა. მისი შეძენა ამ ეტაპზე, შეერთებული შტატების მასშტაბით,  ექსკლუზიურად Motorola-ს ოფიციალურ საიტზე არის შესაძლებელი. One Hyper -ის ღირებულება 399 ამერიკული დოლარია. 

კომენტარები

ბოლო ამბები