Thumbnail

Parker Solar Probe - NASA მისიის ახალ შედეგებს აქვეყნებს

  • მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მზის მაგნიტური ველი მის ზედაპირთან ახლოს, მეტად არასტაბილურია
  • ამჟამად, Parker Solar Probe მზესთან მიახლოების მე-4 ეტაპს იწყებს.

2018 წლის ზაფხულში, ამერიკის ეროვნულმა კოსმოსურმა საგენტომ თავის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ამბიციური მისია წამოიწყო. საქმე ეხება Parker Solar Probe-ს - კოსმოსურ ხომალდს, რომელიც მზეს რეკორდულად მიუახლოვდება. ჯერ კიდევ მისიის გაშვებამდე, NASA-ს სპეციალისტები პროექტის ისტორიული მნიშვნელობის განმარტებისას, აღნიშნავდნენ, რომ Parker Solar Probe-ისგან კაცობრიობა  უნიკალურ ინფორმაციას მიიღებდა. ამ ინფორმაციის საფუძველზე კი, მეცნიერები  ჩვენი სისტემის ყველაზე იდუმალი ვარსკვლავის შესახებ ბევრი მნიშვნელოვანი აღმოჩენის პერსპექტივას ხედავენ. 

მისიის გაშვებიდან ერთი წლის შემდეგ, Parker Solar Probe მზეს მნიშვნელოვნად მიუახლოვდა. NASA-ს განცხადებით, კოსმოსური სააგენტოს ბაზაში, უკვე უამრავი მნიშვნელოვანი ინფორმაციაა თავმოყრილი. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მზის მაგნიტური ველი, მის ზედაპირთან ახლოს, მეტად არასტაბილურია - ის მიმართულებას მუდმივად იცვლის. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მზის ატმოსფერო, ვარსკვლავის ზედაპირზე რამდენიმე ასეულჯერ ცხელია. 

მისიის მეცნიერის, ადამ საბოს განცხადებით, მაგნიტური ველის ასეთი არასტაბილურობა სპეციალისტებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ამ ეტაპზე არსებული ვარაუდის მიხედვით, ველის მიმართულების ცვალებადობას მზის ქარების ნაკადი იწვევს. ამჟამად, Parker Solar Probe მზესთან მიახლოების მე-4 ეტაპს იწყებს -  რაც ნიშნავს, რომ მისიის ფარგლებში, მეცნირები უფრო მეტ და დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები