- ვიზუალურად, კონსოლი კომპიუტერის ქეისს ჰგავს.
- Xbox Series X 2020 წლის ბოლოს გამოვა
13 დეკემბერს, ლოს-ანჯელესში,Microsoft Theater-ში, ვიდეო თამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიება - Game Awards 2019 გაიმართა. გარდა სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილი გამარჯვებულებისა და დაანონსებული თამაშების წარდგენისა, ღონისძიების მთავარი მოვლენა Microsoft-ის ახალი სათამაშო კონსოლის პრეზენტაცია იყო.

სწორედ ამ დღეს, Microsoft-მა აუდიტორიის წინაშე პირველად წარადგინა უახლესი თაობის კონსოლი - Xbox Series X. მოწყობილობის დეტალებიც აქამდე გასაიდუმლოებული იყო, ის გეიმერებისა, თუ მედიისათვის Project Scarlett-ის სახელით იყო ცნობილი. Xbox Series X აღჭურვილია უსადენო კონტროლერით, რომელიც ასევე თავსებადია Xbox One-თან და Windows-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე პერსონალურ კომპიუტერებთან.

დახვეწილი შავი კონსოლი დიზაინით, პერსონალური კომპიუტერის ქეისს ჰგავს. მისი მოცულობის გამო, პრეზენტაციისას გაჩნდა კითხვა, რამდენად მოსახერხებელია კონსოლის განთავსება სახლებში, თუმცა, Microsoft-ის განცხადებით, Xbox Series X მომხმარებელს შეუძლია მოათავსოს როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. Xbox Series X 2020 წლის ბოლოს გამოვა, მისი ფასი, ამ ეტაპზე, უცნობია.
კომენტარები