Thumbnail

მექსიკაში 3D პრინტერით დამზადებული სახლების უბანი შენდება

  • 3D ტექნოლოგიით დამზადებული სახლების უბანი ტაბასკოს შტატში გაიხსნება
  • აგრარული რეგიონის ღარიბ მოსახლეობას 50 სახლს გადასცემენ

3D პრინტერით აგებული 50 სახლი მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ტაბასკოს შტატის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში გამოჩნდება. პროექტის ინიციატორია არაკომერციული ორგანიზაცია New Story. მისი მიზანია ღარიბი და უსახლკარო მოსახლეობისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემა. აგრარულ რეგიონში 3D ტექნოლოგიით დამზადებული სახლების ახალი უბანი გაიხსნება.

საქველმოქმედო პროექტისთვის ამერიკული სამშენებლო კომპანია ICON-ის 3D პრინტერ Vulcan-ის მეორე ვერსიას იყენებენ. აპარატი წინა მოდელზე ოთხჯერ უფრო დიდია და ორჯერ უფრო სწრაფად მუშაობს. ის სპეციალურად შეიმუშავეს ერთ სართულიანი სახლების ასაშენებლად. 3D პრინტერს 186 კვადრატულ მეტრამდე ფართობის სახლის დამზადება შეუძლია.

ახალი უბნისთვის უკვე დაამზადეს ორი სახლი. თითოეული მათგანის დაბეჭდვას 3D პრინტერით სულ 24 საათი დასჭირდა. თითოეული ნაგებობის ფართობი 46 კვადრატული მეტრია. სახლში არის ორი საძინებელი, მისაღები, სამზარეულო და სველი წერტილი. დარჩენილი 48 სახლის დამზადება 2020 წელს იგეგმება. მცხოვრებლებს სიმბოლური საფასურის -  ყოველთვიურად 20 დოლარის გადახდა მომდევნო 7 წლის განმავლობაში მოუწევთ.

კომენტარები

ბოლო ამბები