Thumbnail
  • მზის პანელებზე მოთხოვნა ამერიკაში გასულ წელთან შედარებით 8 პროცენტით გაიზარდა
  • დამონტაჟებული პანელების 40 პროცენტი კალიფორნიაზე მოდის

Tesla-ს მენეჯმენტს, მათ შორის პირველ რიგში ილონ მასკს  ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ კომპანია Tesla Energy-ს საკმარის ყურადღებას არ უთმობდა. კრიტიკოსები  მიიჩნევდნენ, რომ მასკმა ძირითადი ყურადღება ელექტრომობილების წარმოებაზე გადაიტანა და მზის პანელების პროექტი მისთვის პრიორიტეტული აღარ იყო. თუმცა ბოლო პერიოდში ვითარება შეიცვალა. Tesla-ს დამფუძნებელმა უკვე რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მზის ენერგიას დიდი პერსპექტივა აქვს. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან ისიც კი თქვა, რომ ეს მიმართულება ავტომობილების წარმოებაზე უფრო დიდ მოგებას მოიტანს.

როდესაც ილონ მასკს კომპანიის პრიორიტეტების შესახებ შეკითხვა დაუსვეს, მან ყველაზე პერსპექტიულად მზის პანელების სახურავების წარმოება დაასახელა, შემდეგ ენერგიის შენახვის სისტემები და მხოლოდ ბოლო ადგილზე ელექტრომობილები. მასკის განცხადება კიდევ უფრო უცნაურად ჟღერს იმის ფონზე, რომ Tesla-ს ელექტრომობილების გაყიდვის მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება. წინასწარი შეფასებით 2020 წელი Tesla-სთვის ელექტრომობილების გაყიდვის თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული იქნება. 

მასკის ოპტიმიზმი შესაძლოა იმითაც არის განპირობებული, რომ ბოლო სამ თვეში შეერთებულ შტატებში მზის პანელების სახურავების მონტაჟი რეკორდული ტემპით იზრდება. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ქვეყნის ყველაზე დიდ შტატში - კალიფორნიაში. სწორედ ამ შტატზე მოდის აშშ-ში დამონატაჟებული მზის პანელების 40 პროცენტი. კალიფორნიაში ახალ ტექნოლოგიაზე მოთხოვნის გაზრდას ბოლო პერიოდში გახშირებული ტყის ხანძრებით და ელექტროენერგიის ხშირი გამორთვით ხსნიან.

კომენტარები

ბოლო ამბები