Thumbnail

CES 2020 - რას ელის მსოფლიო ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური გამოფენისგან

  • CES 2020-ზე ეკომეგობრული მოწყობილობის სიმრავლეს უნდა ველოდეთ.
  • სატრანსპორტო ტექნოლოგიების პრეზენტაცია წლევანდელი გამოფენის მთავარი ნაწილი იქნება.

7 იანვარს, ლას-ვეგასში სამომხმარებლო ელექტროტექნოლოგიების ყველაზე მასშტაბური გამოფენა ოფიციალურად გაიხსნება. ამჟამად, ღონისძიების ფარგლებში, დახურული კონფერენციები მიმდინარეობს. ახალი ტექნოლოგიებს კი, კომპანიები სწორედ 7 იანვრიდან წარადგენენ. 

CES უკვე მრავალი წელია ტექნოლოგიური სექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა - გარდა ახალი მოწყობილობების პრეზენტაციისა, ეს არის ღონისძიება, რომელიც ტექნოლოგიური სექტორის პროგრესის ერთიან სურათს ქმნის. 

გთავაზობთ რამდენიმე ძირითად ტექნოლოგიურ ტრენდს, რომელიც CES 2020-ზე იქნება აქტუალური. 

სატრანსპორტო ტექნოლოგიები

ელექტრო ავტომობილების განვითარებამ სატრანსპორტო სექტორი ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიად აქცია. ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ავტომობილები, ჰიპერმანქანები, ელექტრომობილების სპორტული მოდელები, სკუტერები აქამდე წარმოუდგენელი სისწრაფით, მფრინავი მანქანების კონცეფციები და სხვა მრავალი ინოვაციური ტრანსპორტის სახეობა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობა -  ეს არის ის, რასაც მასშტაბური გამოფენის ამ სეგმენტში ვიხილავთ.

 

ახალი თაობის მაღალტექნოლოგიური მონიტორები

მიუხედავად იმისა, რომ  ყოველდღიურ ცხოვრებაში, შესაძლოა, ნამდვილად არ გვჭირდებოდეს ტელევიზორი ე.წ. 8K გამოსახულებით, ტექნოლოგიური მწარმოებლები მაინც არ ჩერდებიან და მომხმარებლებს სთავაზოვენ მონიტორებს სულ უფრო მეტი შესაძლებლობებით. LG და  SAMSUNG - სწორედ ეს კომპანიები იქნებიან გამოფენის ამ მიმართულების მთავარი მონაწილეები. CES 2020-სათვის ორივე მწარმოებელმა ახალი ინოვაციური მოწყობილობების პრეზენტაცია დააანონსა. 

 

კიდევ უფრო მეტად ჭკვიანი სახლები

სახლი რომელიც ადამიანის მითითებით, თუმცა, მინიმალური ძალისხმევით იმართება - ეს  ე.წ. ჭკვიანი სახლია. მიუხედავად იმისა, რომ ასისტენტებით აღჭურვილი, ჭკვიანი საცხოვრებლები ტექნოლოგიური სექტორისათვის სიახლეს აღარ წარმოადგენს, CES 2020-მა შესაძლოა, მაინც გაგვაკვირვოს. როგორც ტექნოლოგიური სექტორის ექსპერტები ვარაუდობენ, წლევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ ჭკვიანი საცხოვრებლების ახალი ინოვაციური მოწყობილობები იქნება. 

 

მობილური მოწყობილობები 5G მხარდაჭერით

2019 წელი იყო პერიოდი, როცა მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი რეალობად იქცა. 5G-ის დანერგვამ მობილური ტექნოლოგიების წარმოებაში ახალი ეტაპი დაიწყო. CES 2020-ზე სმარტფონების მწარმოებელ კომპანიებს მოუწევთ დაამტკიცონ, რომ ტემპს არ ჩამორჩნენ, გამოწვევებს გაუმკლავდნენ და ახალი მობილური ტელეფონები მომხმარებელს თაბამედროვე მსოფლიოს ყველა მიღწევით სარგებლობის საშუალებას აძლევს. 

 

ტექნოლოგიები და ეკოლოგია

წლიდან წლამდე, ჩვენი პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობა უფრო მეტად მძიმდება. გარემოს დაბინძურებამ და გლობალურმა დათბობამ კაცობრიობას ეკოლოგიური კატასტროფის რეალური სახე დაანახა. სწორედ ამის ფონზე, ტექნოლოგიური სექტორი უფრო მეტად ცდილობს ამ გამოწვევებთან ადაპტირდეს და აწარმოოს პროდუქცია, რომელიც პლანეტას ნაკლებ ზიანს მოუტანს. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, CES 2020-ზე ტექნოლოგიური სექტორის წამყვანი მოთამაშეები გარემოს დაცვის მიმართულებით საჯარო განცხადებებს გააკეთებენ, რაც ეკომეგობრული, მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების პრეზენტაციაში გამოიხატება. 

 

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები