Thumbnail

Samsung-მა თითის ანაბეჭდის სკანერით აღჭურვილი მყარი დისკი გამოუშვა

  • დამატებითი უსაფრთხოების სისტემა მომხმარებელს პაროლის შეყვანის შესაძლებლობასაც აძლევს.
  • მყარი დისკის ყველაზე მძლავრი ვერსიის მოცულობა 2 ტერაბაიტია. 

21-ე საუკუნეში, პირადი თუ სამსახურეობრივი ინფორმაცია სრულად ინახება ჩვენს ტექნოლოგიურ მოწყობილობებსა და ქსელებში, შესაბამისად, ამ მონაცემების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რეალობის გათვალისწინებით, საჭირო და პრაქტიკულია მოწყობილობა, რომელიც კომპანია Samsung-მა CES 2020-ზე წარადგინა. T7 Touch  - ეს არის სოლიდური მყარი დისკი, რომელიც მომხმარებელს უსაფრთხოების გაძლიერებულ სისტემას სთავაზობს. 

T7 Touch თითის ანაბეჭდით იკეტება, სისტემა პაროლის შეყვანის შესაძლებლობასაც აძლევს მომხმარებელს. მოწყობილობის მეხსიერება ვერსიების მიხედვით განსხვავდება - ყველაზე მძლავრი მოდელის მოცულობა 2 ტერაბაიტია. T7 Touch-ის კორპუსი ტიტანისგან არის დამზადებული და  58 გრამს იწონის. მოწყობილობა წარმოდგენილია ორ ფერში - მომხმარებლებს, სურვილისამებრ, შეუძლიათ შეიძინონ შავი ან ვერცხლისფერი მოდელები. 

T7 Touch ტექნოლოგიურ ბაზარზე იანვრის პირველ ნახევარში ჩაეშვა და 30 სხვადასხვა ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი. 500GB-იანი მოდელის ფასი 129.99 დოლარია, 1TB-იანი ვერსიის ღირებულება - $229.99, ხოლო 2TB მოცულობის მყარი დისკის შეძენას მსურველები 399.99 დოლარად შეძლებენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები