Thumbnail

39 წლის შემდეგ, KORG-ის საკულტო სინთეზატორი ლიმიტირებული სერიით ბრუნდება

  • სინთეზატორი 1977 წელს, „ვარსკვლავური ომების“ სამყაროს ერთ-ერთი გმირის -  დროიდი R2-D2-ის ხმის შესაქმნელად გამოიყენეს. 
  • არაოფიციალური ინფორმაციით, მუსიკალური ინსტრუმენტი 2020 წლის თებერვალში გამოვა.

იაპონური კომპანია KORG-ის შექმნილი სინთეზატორი - მოდელი ARP 2600 ყველაზე საკულტო სინთეზატორად მიიჩნევა, რაც კი ოდესმე გამოშვებულა. ამასთან ერთად, ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მუსიკალური აღჭურვილობაც არის. ბრაიან ინო, Beastie Boys, Nine Inch Nails, სტივ უანდერი - ეს იმ მუსიკოსების და ბენდების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც კონცერტებზე, მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე, სწორედ აღნიშნულ სინთეზატორზე უკრავდნენ. ARP 2600 ის ინსტრუმენტია, რომელიც 1977 წელს, „ვარსკვლავური ომების“ სამყაროს ერთ-ერთი გმირის - დროიდი R2-D2-ის ხმის შესაქმნელად გამოიყენეს. 

39 წლის წინ, KORG-მა ARP 2600-ის წარმოება შეწყვიტა, თუმცა, კომპანიის განცხადებით, უკვე 21-ე საუკუნეში, სინთეზატორის ცნობილი მოდელი ლიმიტირებული სერიით ბრუნდება. ARP 2600-ის ახალი სერიის მახასიათებლები, ძირითადად, ემთხვევა კლასიკურ მოდელს, თუმცა, KORG-მა გარკვეული განახლებები დაამატა, რათა ინსტრუმენტი ახალ ეპოქასთან სრულად ყოფილიყო ადაპტირებული. 

ლიმიტირებული სერიის ერთ-ერთი განახლება დუოფონური კლავიატურაა, რომელიც 49 კლავიშისაგან შედგება. ARP 2600 აღჭურვილია, როგორც კლასიკური MIDI შესაერთებლით, ასევე აქვს USB კავშირის მხარდაჭერა. მწარმოებელ კომპანიას გამოსვლის თარიღთან და ფასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სინთეზატორი ARP 2600 ერთ თვეში - 2020 წლის თებერვალში გამოვა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები