Thumbnail

Toyota მომავლის ქალაქის პროტოტიპს ააგებს

  • პროტოტიპის შესაქმნელად, Toyota ყოფილი ქარხნის ტერიტორიას გამოიყენებს.
  • პროექტის მშენებლობა 2021 წელს დაიწყება. 

იაპონურმა ავტომწარმოებელმა გიგანტმა Toyota-მ სამომხმარებლო ელექტროტექნოლოგიების წლევანდელ გამოფენაზე, ამბიციური პროექტი დააანონსა. კომპანია აპირებს, მომავლის ქალაქის პროტოტიპი ააგოს. მომავლის ქალაქების სიმულაციური ვიდეოები არაერთხელ წარმოუდგენია სხვადასხვა ტექნოლოგიურ კომპანიას, თუმცა, Toyota-ს შემთხვევაში, ეს რეალურ ცხოვრებაში შექმნილი პროტოტიპი იქნება. 

ქალაქის პროტოტიპის შესაქმნელად, Toyota ყოფილი ქარხნის ტერიტორიას გამოიყენებს, რომელიც იაპონიაში, ფუჯის მთის მახლობლად მდებარეობს. სწორედ აქ მოაწყობს კომპანია მაღალტექნოლოგიურ ზონას. ეს იქნება დასახლება ქუჩების ინოვაციურ დიზაინით, თვითმავალი ტრანსპორტით, რობოტებით, ჭკვიანი სახლებით და ყველა იმ ტექნოლოგიით, რომელსაც მომავლის ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებს. 

პროექტის დიზაინზე ცნობილი დანიელი არქიტექტორი ბიარკე ინგელსი იმუშავებს. პროექტის მიხედვით, მომავლის ქალაქის პროტოტიპი ორი ათას მოსახლეზეა გათვლილი. აქ დასახლებული ადამიანები კომპანია Toyota-ს თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები იქნებიან. როგორც პრეზენტაციისას აღინიშნა, ქალაქის ენერგიის წყარო კომპანიის მიერ შემუშავებული წყალბადის საწვავის ქსელის ტექნოლოგია იქნება. Toyota-ს ხელმძღვანელის, აკიო ტოიოდას განცხადებით, პროექტის მშენებლობა 2021 წელს დაიწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები