Thumbnail

მეცნიერებმა ბაყაყის უჯრედებისგან პირველი ცოცხალი რობოტები შექმნეს

  • უმცირესი ზომის, ბუშტების მსგავს რობოტებს ორგანიზებული მოძრაობაც შეუძლიათ.
  • უნარებიდან გამომდინარე, მეცნერებმა ქმნილებები, შესაძლოა, ეკოლოგიური, სამედიცინო ან სხვა კვლევითი მიზნებისთვის გამოიყენონ.

ამერიკელმა მეცნიერებმა აფრიკული სახეობის ბაყაყის ღეროვანი უჯრედებისგან უმცირესი ზომის რობოტები შექმნეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა რობოტები მთლიანად ცოცხალი უჯრედებისგან შედგება. უმცირესი ზომის, ბუშტების მსგავს რობოტებს ორგანიზებული მოძრაობაც შეუძლიათ. ერთ-ერთ წარმატებულ ქმნილებას ფეხის მსგავსი ორი გამონაზარდი აქვს, მეორე მათგანს კი, შუაში ღრმული აქვს, რომლითაც მინიატურული ტვირთის გადატანა შეუძლია. 

„ეს სიცოცხლის სრულიად ახალი ფორმაა, რომელსაც ჩვენს პლანეტაზე აქამდე არ უარსებია. რობოტები ცოცხალი, პროგრამირებადი ორგანიზმები არიან“ - აღნიშნა მაიკლ ლევინმა,  Tufts University-ის კვლევითი ცენტრის დირექტორმა. პროექტის ავტორები - მეცნიერი მაიკლ ლევინი და მისი გუნდის წევრები ბიოლოგიური ქსოვილისაგან რობოტების შექმნაში დიდ უპირატესობას ხედავენ. ეს შესაძლებლობას აჩენს, რობოტებმა თავად აღიდიგინონ დაზიანებები, ხოლო როცა საკუთარ მისიას შეასრულებენ, არსებობა შეწყვიტონ. პროექტის ავტორებმა ქმნილებებს „ქსენობოტები“ (Xenobots) უწოდეს.  

ამ ახალი სახეობის ორგანიზმების უნარებიდან გამომდინარე, მათი მომავალი ვერსიები, შესაძლოა, მეცნიერებმა გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლისათვისაც კი გამოიყენონ. არსებობს შესაძლებლობა, რომ უჯრედული რობოტები ოკეანეებში გაუშვან წყლის მიკროპლასტიკური დაბინძურებისა და ტოქსიკური ნივთიერებებისგან გასაწმენდად. მიკროსკოპული ზომის რობოტები სხვადასხვა სამედიცინო მიზნებისთვისაც სარგებლიანი ქმნილებები არიან. 

ცოცხალი უჯრედებისაგან რობოტების შექმნას თან ახლავს გარკვეული სადავო მორალური ასპექტებიც. თუმცა, „ქსენობოტების“ შემქმნელი სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მორალური ფაქტორი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ჯგუფს მივაკუთვნებთ ამ ახალ არსებებს -  რობოტებს, თუ ცოცხალ ორგანიზმებს.

კომენტარები

ბოლო ამბები