Thumbnail

ჩინეთში გავრცელებული ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

  • როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, ამჟამინდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი 200-ს აღემატება.
  • ახალი ვირუსის შემთხვევები სამხრეთ კორეაში, ტაილანდსა და იაპონიაშიც დაფიქსირდა. 

ჩინეთი ადასტურებს, რომ ახალი ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც BBC იუწყება, ამჟამინდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი 200-ს აღემატება. დაავადებამ სამი პაციენტი იმსხვერპლა. ვირუსის ახალი სახეობა, პირველად, ქალაქ ვუჰანში დეკემბერის ბოლოს დაფიქსირდა. ოფიციალური ინფორმაციით, ვირუსი პეკინშიც გავრცელდა. ეს ახალი, უცნაური სახეობა კორონავირუსის ოჯახს მიაკუთვნეს. ჯერჯერობით, მასზე  ბევრი არაფერია ცნობილი, სპეციალისტები მისი გავრცელების ფორმების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ჯერ არ აკეთებენ. დაავადებას პნევმონიის მსგავსი სიმპტომები აქვს. 

20 იანვარს, დადასტურდა, რომ ამ ვირუსის შემთხვევა სამხრეთ კორეაში დაფიქსირდა. სამხრეთ კორეის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა ტაილანდმა და იაპონიამ -  ტაილანდში ინფირცირების ორი, ხოლო იაპონიაში - ერთი შემთხვევა გამოვლინდა. გენეტიკური ანალიზის მიხედვით, ახალი სახეობის ვირუსს, ადრეულ 2000-იანებში გავრცელებულ Sars-ის ვირუსს ამსგავსებენ, რომელმაც აზიის ქვეყნებში  774 ადამიანი იმსხვერპლა. ამჟამად, აეროპორტებში მგზავრების კონტროლი მიმდინარეობს. 

დაავადების გავრცელებას გამოეხმაურნენ ბრიტანელი მეცნიერები, რომელთა განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ამას ოფიციალური მხარეები ადასტურებენ. მათი თქმით, ეს რიცხვი, შესაძლოა, 1500-ს გასცდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, სავარაუდოა, რომ ვირუსი მჭიდრო კონტაქტით გადადის. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები