Thumbnail

Microsoft-მა სატელევიზიო სარეკლამო კამპანია დაიწყო

  • რეკლამა შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის(NFL) ფლეიოფის სერიის ტრანსლირებისას იტრიალებს.
  • თებერვლიდან, რეკლამა ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ტელევიზიებშიც გაეშვება. 

ტექნოლოგიური სექტორის გიგანტმა კომპანია Microsoft-მა სატელევიზიო რეკლამების გადაღება დაიწყო. პირველი სატელევიზიო ვიდეო მისი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და პოპულარული პლატფორმის -  Microsoft Teams-ის რეკლამაა. სარეკლამო ვიდეო შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის (NFL) ფლეიოფის სერიის ტრანსლირებისას იტრიალებს. თებერვლიდან, რეკლამა ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ტელევიზიებშიც გაეშვება. 

Microsoft Teams საქმიანი ურთიერთობისას, თანამშრომლებისათვის განკუთვნილი კომუნიკაციისა და კოლაბორაციის პლატფორმაა. ის პირველად 2017 წელს გაეშვა. პლატფორმა კომპანიის მხრიდან, ერთგვარი განაცხადია, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე სამყაროში გუნდური მუშაობის სპეციფიკა. Microsoft Teams-ის შექმნის ისტორია საკმაოდ საინტერესოა. Microsoft აპირებდა, მსგავსი პლატფორმა, სახელწოდებით Slack რვა მილიარდ დოლარად შეესყიდა. თუმცა, გადამწყვეტი შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დასრულდა -  Microsoft-მა Slack-ის შესყიდვის მაგივრად, საკუთარი პლატფორმა - Microsoft Teams შექმნა. 

მაიკროსოფტის სატელევიზიო რეკლამის სიუჟეტი გუნდური მუშაობისას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე ამახვილებს ყურადღებას. ვიდეოს დასაწყისში ნაჩვენებია მოსაწყენი შეხვედრები, თათბირები, რომელზეც დემოტივირებული თანამშრომლების სახეები ჩანს. სამაგიეროდ, რეკლამის მეორე ნაწილში ჩნდებიან პერსონაჟები, რომლებიც სამსახურეობრივი საქმიანობისას Microsoft Teams-ის პლატფორმას წარმატებით ყენებენ.

Microsoft-მა ვიდეო არამხოლოდ Microsoft Teams-ის, არამედ კომპანიის სხვა პროდუქტის რეკლამისთვისაც გამოიყენა, უფრო კონკრეტულად - ვიდეოში ნაჩვენებია Surface-ის უკანასკნელი მოდელი. კომპანიას სარეკლამო ვიდეოშიც არ დაუმალავს თავისი კონკურენტული დამოკიდებულება Slack-თან, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ Microsoft-ს ამ მხრივ უპირატესობა აქვს - Microsoft Teams-ს ყოველდღიურად, დაახლოებით, 20 მილიონი ადამიანი მოიხმარს, Slack-ის შემთხვევაში კი, ეს რიცხვი 12 მილიონია. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები