Thumbnail

გაეროს ექსპერტები ჯეფ ბეზოსის ტელეფონის გატეხვის საქმეზე გამოძიებას მოითხოვენ

  • ბეზოსის WhatsApp-ში მიღებული MP4 მასალა, სავარაუდოდ, ვირუსულ ფაილს შეიცავდა. 
  • ჯეფ ბეზოსსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა 2018 წელს დაიძაბა - მას შემდეგ, რაც ბეზოსის საკუთრებაში არსებული Washington Post-ის მიმომხილველი ჟურნალისტი, სავარაუდოდ, საუდის საკონსულოში მოკლეს. 

2018 წელს, Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა WhatsApp-ში შეტყობინება მიიღო.  როგორც ირკვევა, ეს შეტყობინება საუდის არაბეთის პრინცის პირადი ნომრიდან იყო გაგზავნილი და გარკვეულ ჰაკერულ მანიპულაციას შეიცავდა. შედეგად, ჩვენი პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის და მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელის ტელეფონი დაიჰაკა. იქიდან გამომდინარე, რომ სავარაუდოდ, გაგზავნილი MP4 მასალა ვირუსულ ფაილს შეიცავდა, ბეზოსის ტელეფონში არსებული ინფორმაცია გარეშე პირისათვისაც ხელმისაწვდომი გახდა. რამდნიმე დღეა, გავლენიანი საერთაშორისო გამოცემების განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი სწორედ საუდის არაბეთის პრინცის ბრალეულობის ალბათობაა.

ბრალდებებს  გამოეხმაურა საუდის არაბეთის ოფიციალური მხარეც. მათ სასწრაფო გამოძიება მოითხოვეს, რათა პრინცის უდანაშაულობა დამტკიცდეს.  დაუყონებლივ გამოძიებას მოითხოვენ გაერთიანებული ერების (UN) ადამიანის უფლებების ექსპერტებიც. საქმის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესებს აფიქსირებენ შეერთებული შტატების რიგი  პოლიტიკოსებიც - გარდა იმისა, რომ ჯეფ ბეზოსი შეერთებული შტატებისა ბიზნეს და ტექნოლოგიური სექტორის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, ის ასევე ფლობს Washington Post-ს, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ბეზოსის მობილურ ტელეფონში აშშ-ს სახელმწიფოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციაც იქნებოდა თავმოყრილი.

რამდენადაც ბეზოსის მობილური Facebook-ის მფლობელობაში არსებული აპლიკაციის - WhatsApp-ის მეშვეობით გატყდა, განმარტებების გაკეთება მოუწიათ Facebook-ის წარმომადგენლებსაც. მათ აქცენტები არა WhatsApp-ის აპლიკაციაზე, არამედ მობილური ტელეფონის დაცვის სისტემაზე გადაიტანეს. 

ბეზოსს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. ჯეფ ბეზოსსა და საუდის არაბეთის მხარეს შორის ურთიერთობა 2018 წლის შემდეგ დაიძაბა, როცა Washington Post-ის მიმომხილველი ჯამალ ხაშოგი (Jamal Khashoggi) მოკლეს. ჯამალ ხაშოგი, რომელიც საუდის მთავრობის კრიტიკოსი იყო, უკანასკნელად სტამბულში, საუდის არაბეთის საკონსულოში შემავალი ნახეს. 

 

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები