Thumbnail

ინტერნეტში Galaxy Z Flip-ის ფოტოები და ახალი დეტალები გავრცელდა

  • Galaxy Z Flip  ვერტიკალურად დასაკეცი მოდელია.
  • გავრცელებული ინფორმაციით, მოწყობილობა გაყიდვაში 2020 წლის 14 თებერვალს ჩაეშვება.

Samsung-ის ახალი სმარტფონი, რომელიც კომპანიას ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია, ტექნოლოგიის მიმომხილველი მედიისათვის, გასული და მიმდინარე კვირის ერთ-ერთი მთავარი თემაა. Galaxy Z Flip - ეს არის ვერტიკალურად დასაკეცი ჭკვიანი მობილური ტელეფონი, რომლის შესახებ, ახლა უფრო მეტი დეტალია ცნობილი. ინტერნეტში სმარტფონის ოფიციალური რენდერები გავრცელდა. როგორც მოსალოდნელი იყო, Galaxy Z Flip-ს 6.7- დიუმიანი, FHD+ (2636 x 1080) რეზოლუციის ეკრანი აქვს და ის „ულტრა თხელი შუშისგან“ არის დამზადებული. სამსუნგის უახლესი მოდელების მსგავსად, ამ  მოწყობილობის წინა, ე.წ. სელფის კამერაც ეკრანის შუა ნაწილში მდებარეობს. მოწყობილობის კორპუსზე კიდევ ერთი 1.06-დიუმიანი ეკრანი იქნება, რომელიც დროს და მობილური სისტემის ძირითად შეტყობინებებს აჩვენებს. 

რაც შეეხება დეტალურ ტექნიკურ მახასიათებლებს - გავრცელებული ინფორმაციით, Galaxy Z Flip-ის ოპერატიული მეხსიერება(RAM)  8 გიგაბაიტია, შიდა მეხსიერება კი - 256GB. მოწყობილობას USB კაბელის მხოლოდ ერთი შესაერთებელი აქვს, რომელიც დამტენისა და ყურსასმენებისათვის არის განკუთვნილი. მოდელის ერთ-ერთ ნაკლად შესაძლოა დასახელდეს ის, რომ მობილურ მოწყობილობას 5G მხარდაჭერა არ ექნება. Galaxy Z Flip ორმაგი ძირითადი კამერით არის აღჭურვილი, რომელიც შედგება 12-მეგაპიქსელიანი მთავარი ობიექტივისა და ასევე 12-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი ობიექტივისგან. ამჟამინდელი ინფორმაციის მიხედვით, მოწყობილობა გაყიდვაში 2020 წლის 14 თებერვალს ჩაეშვება და მისი ფასი 1,400 ამერიკული დოლარი იქნება. სავარაუდოდ, Samsung მას 11 თებერვალს დაანონსებულ ღონისძიებაზე წარადგენს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები