Thumbnail

10 მომაკვდინებელი ეპიდემიური დაავადება

ამ სტატიაში ათ საშიშ ვირუსულ და ბაქტერიულ დაავადებაზე მოგითხრობთ, რომელთა ეპიდემიებმა საერთო ჯამში მილიარდზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

უნდა გვეშინოდეს თუ არა დღეს ამ ინფექციების? იკურნება თუ არა ისინი? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად, გავიხსენოთ ყველაზე მომაკვდინებელი დაავადებები კაცობრიობის ისტორიაში. 

10. ტიფი

ტიფი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც სპეციფიკური გამონაყარი, ძლიერი ცხელება და ნერვული და გულსისხლძარღვთა სისტემის დაზიანება ახასიათებს. ინფექცია გადამდებია და მისი გადამტანები, ძირითადად, ადამიანის სხეულზე მობინადრე პატარა პარაზიტი მწერები არიან. ტიფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. მკურნალობის გარეშე დაავადებული ადამიანების 10-დან 60 პროცენტამდე იღუპება. 

პირველი მსოფლიო ომის დროს ტიფის ეპიდემიამ დაახლოებით 20-30 მილიონი ადამიანი შეიწირა. დღეს ის იშვიათ დაავადებად მიიჩნევა და პერიოდულად მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში იჩენს თავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წელიწადში ყოველი 5 მილიონი გარდაცვლილი ადამიანიდან ერთი სწორედ ტიფითაა დაღუპული.  

9. ებოლა

ებოლას ვირუსს სახელი იმ მდინარის პატივსაცემად ეწოდა, რომლის სანაპიროებთანაც დაავადების კერა გაჩნდა. მისი ეპიდემია პირველად 1976 წელს აფრიკაში, კერძოდ, სუდანსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გავრცელდა. ებოლა ინფიცირებულ ადამიანთან ან ცხოველთან პირდაპირი კონტაქტისას, სისხლითა და სხეულის სხვა სითხეებით გადადის. იწვევს ჰემორაგიულ ცხელებას, რომლისგანაც ინფიცირებულთა უმრავლესობა იღუპება. 

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 2014 წლიდან ებოლას ვირუსმა დასავლეთ აფრიკაში 11 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსის ისტორიაში ეს ეპიდემია ყველაზე დიდი და კომპლექსური იყო. საბედნიეროდ, ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე შეიქმნა და ეფექტურად გამოიყენება. 

8. შიდსი

შიდსის პირველი კლინიკური შემთხვევა 1981 წელს დაფიქსირდა. დაავადება სქესობრივი გზით, სისხლითა და პერინატალურად გადადის. ვირუსი ადამიანის იმუნურ სისტემას აზიანებს, რის გამოც ორგანიზმში სხვადასხვა სასიკვდილო ინფექცია აღწევს. შიდსის ვაქცინა არ არსებობს. დაავადებულებს ძლიერი ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობენ, რომელთა მეშვეობით მათ შეუძლიათ, წლობით იცოცხლონ.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით დღემდე 75 მილიონამდეა დაავადებული, მსხვერპლის რაოდენობა კი 32 მილიონს აღწევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყველაზე მოწყვლადი ამ მხრივ სუბსაჰარული აფრიკაა. ახლად ინფიცირებულთა 60 პროცენტზე მეტი სწორედ ამ რეგიონზე მოდის. 

7. ცოფი

ცოფი ვირუსული დაავადებაა, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს და, როგორც წესი, სიკვდილით სრულდება. თუმცა, ცნობილია ხელოვნურ კომაში შეყვანით პაციენტის გამოჯანმრთელების შემთხვევებიც. ვრცელდება ინფიცირებული ცხოველის ნაკბენით ან ნაკაწრით. შეიძლება, გადავიდეს ნერწყვითაც, თუ ის თვალში, ცხვირში ან პირში მოხვდა. დაავადების თავიდან აცილების ერთადერთი გზა ცოფის საწინააღმდეგო აცრაა.

ცოფის ერთ-ერთი უმთავრესი სიმპტომი წყლის შიშია. ასევე კუნთების სპაზმი ჰაერის მცირე მოძრაობაზეც კი და ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფა. პაციენტს ეწყება ჰალუცინაციები, ბოდვა და საბოლოოდ დამბლისგან იღუპება. მსოფლიოში ამ დაავადებისგან ყოველწლიურად 55 ათასი ადამიანი კვდება. ამ მხრივ ყველაზე მოწყვლადი აზიისა და აფრიკის ქვეყნებია.

6. გრიპი

გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის და პერიოდულად ეპიდემიების სახით იჩენს თავს. გრიპის ვირუსის 200-ზე მეტი ქვეტიპია გამოვლენილი. მუტაციის შემთხვევაში, ის სხვა სახეობის ორგანიზმებში გავრცელების უნარს იძენს. ამის მაგალითი ღორისა და ფრინველის გრიპით ადამიანების დაავადებაა. პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტური საშუალება ყოველწლიური ვაქცინაციაა

უმეტესობა გრიპის სიმპტომებისგან ერთ კვირაში, ექიმების ჩარევის გარეშე იკურნება. თუმცა, ამ დაავადებით წელიწადში ნახევარ მილიონამდე ადამიანი მაინც იღუპება. კაცობრიობის ისტორიაში გრიპის ყველაზე დიდი პანდემია 1918 წელს დაიწყო. მაშინ ესპანური გრიპის სახელით ცნობილ ვირუსს 50-დან 100 მილიონამდე ადამიანი შეეწირა. 

5. ქოლერა

ქოლერა მწვავე ინფექციური დაავადებაა. ახასიათებს ძლიერი ფაღარათი, ღებინება, სითხის სწრაფი დაკარგვა. ვითარდება კომატოზური მდგომარეობა, რის შედეგადაც ადამიანი იღუპება. იწვევს ქოლერის ვიბრონი, რომლის ორგანიზმში მოხვედრის მიზეზი საკვებისა და სასმელი წყლის ფეკალური დაბინძურებაა. ქოლერას საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა დაახლოებით 85 პროცენტია.

როგორც წესი, თავს იჩენს ეპიდემიების სახით. დღემდე მსოფლიოში ქოლერის შვიდი პანდემია იყო. მათგან პირველი 1817-29 წლებში მდინარე განგის სანაპიროებიდან გავრცელდა. ევროპაში დაავადება სწორედ ინდოეთიდან მოხვდა. მეცნიერთა შეფასებით, ყოველწლიურად ქოლერით 4 მილიონამდე ადამიანი ავადდება და 140 ათასზე მეტი იღუპება. 

4. ჭირი

ამ მწვავე ინფექციურ დაავადებას ჭირის ბაცილა იწვევს. ეს ბაქტერია ძირითადად მცირე ზომის ძუძუმწოვრებში ბინადრობს და ადამიანის ორგანიზმში რწყილის ნაკბენით ხვდება. ახასიათებს ციებ-ცხელება, ლიმფური კვანძების, ფილტვებისა და სხვა შინაგანი ორგანოების დაზიანება. გამოირჩეოდა მაღალი ლეტალურობით, თუმცა, დღეს, სწორი მკურნალობის შემთხვევაში, სიკვდილიანობა 10 პროცენტს არ აღემატება. 

ჭირის სიმპტომები ჯერ კიდევ ბიბლიაშია აღწერილი. მე-6 საუკუნეში ეგვიპტეში დაწყებულმა პანდემიამ, რომელიც მთელ მაშინდელ ცივილიზებულ სამყაროში გავრცელდა, 100 მილიონი ადამიანი შეიწირა. მე-14 საუკუნეში კი, შავი ჭირის სახელით ცნობილი პანდემიის დროს, სხვადასხვა შეფასებებით, ევროპის მოსახლეობის 30-დან 60 პროცენტამდე დაიღუპა.

3. ყვავილი

ამ დაავადების ყველაზე ადრეული კვალი ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნით დათარიღებულ ეგვიპტურ მუმიებში აღმოაჩინეს. ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსული ინფექციის პირველი სიმპტომები ცხელება და ღებინებაა. მოგვიანებით კანსა და ლორწოვან გარსზე გამონაყარი ჩნდება, რომელიც ღრმა იარებს ტოვებს. სიკვდილიანობა თითქმის 30 პროცენტია. 

მე-18 საუკუნის ევროპაში ყვავილით წელიწადში 400 ათასი ადამიანი იღუპებოდა, დაავადებულთა მესამედი კი ბრმავდებოდა. მე-20 საუკუნეში მან საერთო ჯამში 300 მილიონი სიცოცხლე შეიწირა. 1977 წელს ყვავილით ადამიანის დასნებოვნების უკანასკნელი შემთხვევა გამოვლინდა. 1980 წელს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 
ამ სასიკვდილო დაავადების მთლიანად მოსპობის შესახებ გამოაცხადა.

2. ტუბერკულოზი

ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც კოხის ჩხირების სახელით ცნობილი მიკრობაქტერიები იწვევს. ის ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის და ძირითადად ფილტვებს აზიანებს. მე-20 საუკუნემდე ტუბერკულოზი განუკურნებელ სენად ითვლებოდა. თუმცა, დღეს უკვე შემუშავებულია კომპლექსური პროგრამა, რომლითაც მისი ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მკურნალობა ხდება. 

ტუბერკულოზით დაავადების ნიშნები ჯერ კიდევ ჩვ. წ-მდე 5 ათასი წლის წინ მცხოვრები ადამიანის ჩონჩხში იქნა აღმოჩენილი. ის ცნობილი იყო ძველ ინდოეთში, ეგვიპტესა და ჩინეთში, ასევე ანტიკურ საბერძნეთსა და რომში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წელს ტუბერკულოზით 10 მილიონი ადამიანი იყო დაავადებული, 1.5 მილიონი კი დაიღუპა. 

1. მალარია

მალარია სიცოცხლისათვის საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში კოღოს ნაკბენით ხვდება. მალარიის სიმპტომებია სიცხე, დაღლილობა, ღებინება და თავის ტკივილი. მწვავე შემთხვევებში იწვევს კანის სიყვითლეს, კრუნჩხვებს, კომასა და სიკვდილს. დაავადების საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. 

მალარია ჩვენი პლანეტის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებშია გავრცელებული. 2018 წელს მსოფლიო მასშტაბით დაავადების 228 მილიონი შემთხვევა აღირიცხა, რომელთაგან 400 ათასზე მეტი სიკვდილით დასრულდა. აქედან თითქმის 90 პროცენტი საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე აფრიკულ ქვეყნებზე მოდის, სადაც უმეტესად მცირეწლოვანი ბავშვები ინფიცირდებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები