Thumbnail

პაბლო ესკობარის ბეჰემოთები კოლუმბიის ეკოსისტემას ანადგურებენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი
  • ზრდასრული ბეჰემოთი 4-5 მეტრის სიგრძისაა და დაახლოებით 3600 კილოგრამს იწონის.
  • ბეჰემოთები მტკნარი წყლის პირას ცხოვრობენ, უმეტეს დროს წყალში ატარებენ და ხმელეთზე მხოლოდ რამდენიმე საათით, საკვებად ამოდიან.
  • აფრიკაში ბეჰემოთები წელიწადში საშუალოდ 500 ადამიანის სიცოცხლეს იწირავენ.

სამხრეთ ამერიკაში მობინადრე ბეჰემოთებმა მეცნიერთა ყურადღება პირველად კოლუმბიელი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის გარდაცვალების შემდეგ მიიპყრეს. აღმოჩნდა, რომ ეს დიდი ბალახისმჭამელი ძუძუმწოვრები უარყოფითად ზემოქმედებენ ქვეყნის წყლის ეკოსისტემაზე.

როგორ მოხვდა კოლუმბიაში აფრიკის მკვიდრი სახეობა და რა საერთო აქვს მას პაბლო ესკობართან?

მედელინის ნარკოკარტელის ხელმძღვანელი ეგზოტიკური ცხოველების დიდი მოყვარული იყო და კოკაინის გაყიდვით ნაშოვნი ფულით საკუთარი ზოოპარკიც კი ჰქონდა გაშენებული, სადაც ზებრები, მარტორქები, ჟირაფები და ბეჰემოთები ბინადრობდნენ. 1993 წელს, მისი სიკვდილის შემდეგ, ცხოველების დიდი ნაწილი სხვაგან გადაიყვანეს, თუმცა, ბეჰემოთების გადაადგილება ვერ მოხერხდა.

პაბლო ესკობარის ზოოპარკი "ჰასიენდა ნაპოლიში" (კოლუმბია).

ბეჰემოთები ესკობარის ყოფილი რანჩოს, "ჰასიენდა ნაპოლის" ტერიტორიაზე დარჩნენ და ახლომდებარე ტბებისა და მდინარე მაგდალენას გარშემო მზარდი პოპულაციაც ჩამოაყალიბეს. რამდენიმე ათწლეულში მათი რიცხვი იქ 4-დან 80-მდე გაიზარდა.

კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა, კოლუმბიელ კოლეგებთან ერთად, ადგილობრივ ეკოსისტემაზე ცხოველების გავლენა შეისწავლეს. ორი წლის განმავლობაში ისინი რეგულარულად ამოწმებდნენ წყლის ხარისხს, ჟანგბადის დონეს, სტაბილური იზოტოპების კვალს და მიღებულ შედეგს ისეთი ტბების მონაცემებს ადარებდნენ, რომელთა სიახლოვეს ბეჰემოთები არ ბინადრობდნენ.

აღმოჩნდა, რომ მთავარი პრობლემა მათი ფეკალიებია, რომელიც მდინარის ფსკერზე იძირება, სასუქად იქცევა და წყალმცენარეებისა და ბაქტერიების გავრცელებას უწყობს ხელს. ეს არა მხოლოდ ჟანგბადის დონისა და სხვა ცოცხალი არსებებისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების ნაკლებობას იწვევს, არამედ მავნე წყალმცენარეების გამრავლებასაც.

"ბეჰემოთებს დიდი გავლენა აქვთ მშობლიური აფრიკის ეკოსისტემაზე და, როგორც აღმოჩნდა, ახალ კონტინენტზე, სრულიად განსხვავებულ გარემოში, მათ გავრცელებას ასეთივე შედეგი მოჰყვება. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ წყალსატევები, რომლებშიც ბეჰემოთები ბინადრობენ, უფრო ნაყოფიერია. ამან შეიძლება, მდინარეებისა და ტბების ბიოგენური ელემენტებით გამდიდრება, ბაქტერიებისა და წყალმცენარეების ცვლილება და წითელი მოქცევის მსგავსი მოვლენები, კერძოდ, მავნე წყალმცენარეების გამრავლება გამოიწვიოს", - განაცხადა სან დიეგოს უნივერსიტეტის ბიოლოგიური მეცნიერებების პროფესორმა, ჯონათან შურინმა. 

მკვლევარების თქმით, ბეჰემოთების რაოდენობა იზრდება. სავარაუდოდ, მომავალი ათწლეულების განმავლობაში, კოლუმბიაში ისინი ათასობით იქნებიან. ქვეყანას კი ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჯერჯერობით გეგმა არ აქვს.  

კომენტარები

ბოლო ამბები