Thumbnail

ჩინეთში კორონავირუსით შეშინებული ადამიანები შინაურ ცხოველებს ფანჯრებიდან ყრიან

ბექა მამუკაშვილი
  • ჩინეთში კორონავირუსით შეშინებული ადამიანები ძაღლებსა და კატებს მაღალსართულიანი კორპუსების ფანჯრებიდან ყრიან.
  • პანიკის მიზეზი მედიის მიერ ცნობილი ეპიდემიოლოგის განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია გახდა. 

ჩინური მედია ხუბეის პროვინციის ქალაქ ტიანძინში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს, რომელზეც პატრონის მიერ მაღალი სართულიდან გადმოგდებული მკვდარი ძაღლია აღბეჭდილი.

ადგილობრივების განცხადებით, შემთხვევა დილის 4 საათზე მოხდა. მიწაზე დანარცხებამდე შინაური ცხოველი მანქანის სახურავს დაეცა. ძაღლის პატრონი ჯერჯერობით არ უპოვიათ. ავტომანქანის მფლობელი კი გამოძიების დასრულებასა და ზარალის ანაზღაურებას ელოდება.

► ჩინეთში 10 დღეში აშენებულმა საავადმყოფომ პირველი პაციენტები მიიღო

ფოტო: AsiaWire 

მსგავსი შემთხვევა მხოლოდ ტიანძინში არ მომხდარა. მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრებიდან გადმოგდებული ხუთი მკვდარი კატა შანხაიშიც იპოვეს. ისინი მოვლილები იყვნენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სახლში პატრონებთან ერთად ცხოვრობდნენ. 

შინაური ცხოველებისადმი ასეთი სასტიკი მოპყრობის მიზეზი მედიის მიერ ცნობილი ეპიდემიოლოგის, ექიმ ლი ლინხუანის მიერ ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გაკეთებული განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია გახდა. 

"თუ შინაური ცხოველები კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტში შევლენ, ისინი კარანტინში უნდა მოვაქციოთ", - თქვა მეცნიერმა.

ჩინელმა ჟურნალისტებმა მისი სიტყვები არასწორად გაიგეს და მცდარი ინფორმაციის გავრცელება დაიწყეს, თითქოს კატები და ძაღლები ვირუსის გადამტანები იყვნენ. ამან მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. შეშინებული ადამიანები თავის ოთხფეხა მეგობრებს პირდაპირ ფანჯრებიდან ისროდნენ, რასაც რამდენიმე შინაური ცხოველი შეეწირა კიდეც. 

მოქალაქეთა დასამშვიდებლად ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით არ არსებობს მტკიცებულება, რომ კატები და ძაღლები კორონავირუსს ავრცელებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები