Thumbnail

ნახეთ: როგორი იქნებოდა დედამიწა, ოკეანეები რომ დაგვეშრო

თემო ლეგაშვილი
  • NASA-ს ყოფილი მეცნიერი დედამიწის ოკეანეების დაშრობის სიმულაციურ ვიდეოს აქვეყნებს.
  • ანიმაციაში დედამიწის ყველაზე გრძელი მთათა სისტემაა ნაჩვენები, რომელიც ზღვის დონის 2-3 ათასი მეტრით შემცირებისას ჩნდება.

NASA-ს ყოფილი მეცნიერი და ამჟამად იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) თანამშრომელი, ჯეიმს ო'დონაჰი დედამიწის ოკეანეების დაშრობის სიმულაციურ ვიდეოს აქვეყნებს.

ანიმაციას, რომელიც NASA-ს ფიზიკოსმა, ჰორეის მიტჩელმა ჯერ კიდევ 2008 წელს შექმნა, ო'დონაჰიმ რამდენიმე ახალი შტრიხი შემატა. მან თანმიმდევრულად აჩვენა, რა ინტენსივობით დაშრება ოკეანეები და როგორ გამოჩნდება კონტინენტების დამაკავშირებელი წყალქვეშა ხიდები.

"ამ ანიმაციაში მომწონს ის, თუ როგორაა ნაჩვენები ოკეანის ფსკერი, რომელიც გეოლოგიური თვალსაზრისით ისეთივე ცვალებადი და საინტერესოა, როგორც კონტინენტები", - აღნიშნა ო'დონაჰიმ გამოცემა Business Insider-თან საუბარში.

ოკეანისქვეშა შელფები კონტინენტებს ერთმანეთთან ბუნებრივი ხიდებით აკავშირებს. ათობით ათასი წლის წინ ადამიანის გადაადგილება ევროპიდან დიდ ბრიტანეთში, ციმბირიდან ალიასკასა და ავსტრალიიდან მეზობლად მდებარე კუნძულებზე სწორედ ამ გზით იყო შესაძლებელი.

ანიმაციაში დედამიწის ყველაზე გრძელი მთათა სისტემა, შუაოკეანური ქედია ნაჩვენები, რომელიც წყლის დონის 2-3 ათასი მეტრით შემცირებისას ჩნდება. ის დედამიწის გარშემო დაახლოებით 60 ათასი კილომეტრის სიგრძეზე გადაჭიმული. შუაოკეანური ქედის 90%-ზე მეტი წყლის ქვეშ არის მოქცეული.

"ბოლო დიდი გამყინვარების ეპოქაში, ოკეანის წყალი პლანეტის პოლუსებზე გაიყინა. ზღვის დონის კლებამ კონტინენტების დამაკავშირებელი ბუნებრივი ხიდები გამოაჩინა, რამაც ადამიანებს ერთი დედამიწის ერთი კუთხიდან მეორეში გადაადგილების შესაძლებლობა მისცა", - განაცხადა ო'დონაჰიმ.

დღეს ოკეანეები დედამიწის უმეტეს ნაწილს, მისი საერთო ფართობის თითქმის 71%-ს ფარავს.

კომენტარები

ბოლო ამბები