Thumbnail

ასტრონომებმა "უხილავი" ვარსკვლავები აღმოაჩინეს

  • ასტრონომებმა გრავიტაციული ლინზირების საშუალებით დედამიწიდან 2544 სინათლის წლით დაშორებული ორი წითელი ჯუჯა ვარსკვლავი აღმოაჩინეს.
  • გრავიტაციული ლინზირება მასიური ობიექტის მიერ სივრცე-დროის გამრუდებაა, რომელიც აინშტაინმა ასზე მეტი წლის წინ იწინასწარმეტყველა.

2016 წელს მეცნიერებმა Gaia-ს კოსმოსური ობსერვატორიიდან მიღებულ მონაცემებში უცნაური რამ შენიშნეს. შორეულ ვარსკვლავს მოულოდნელად სიკაშკაშე მოემატა, ცოტა ხანში კი მისი ნათება ისევ შესუსტდა. ეს მოვლენა რამდენიმე კვირის შემდეგაც გამეორდა. 

სამეცნიერო გამოცემაში Astronomy & Astrophysics ახლახან გამოქვეყნებული კვლევით დგინდება, რომ ამის მიზეზი ვარსკვლავსა და დედამიწას შორის მოქცეული უხილავი ობიექტის გრავიტაცია იყო, რომელიც სივრცე-დროს ამრუდებდა და მასში გამავალ ვარსკვლავის სინათლეს აძლიერებდა. ამ მოვლენას გრავიტაციული ლინზირება ჰქვია. ეს ფენომენი ალბერტ აინშტაინმა ასზე მეტი წლის წინ თავის ფარდობითობის ზოგად თეორიაში იწინასწარმეტყველა. 

გრავიტაციული ლინზირების ვიზუალიზაცია

ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით, დიდი მასის მქონე ობიექტის გრავიტაცია სივრცე-დროს ამრუდებს. ობიექტსა და დამკვირვებელს შორის მასიური სხეულის მოხვედრისას, ობიექტიდან წამოსულ სინათლეზე გრავიტაცია ლინზასავით მოქმედებს და მას დამახინჯებულად ან გადიდებულად ასახავს.

ასტრონომებისთვის გრავიტაციული ლინზირების უამრავი მაგალითია ცნობილი. ქვედა ფოტოზე გამოსახული ცისფერი რგოლი შორეული გალაქტიკაა, რომლის ფორმასაც მასა და დედამიწას შორის მდებარე უფრო მასიური გალაქტიკის გრავიტაცია ამრუდებს.

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ 2011 წელს გადაღებულ ფოტოზე გალაქტიკა LRG 3-757 უფრო შორეული გალაქტიკის ფორმას ამრუდებს.

მეცნიერების მიერ აღმოჩენილი სისტემა ორი ვარსკვლავისგან შედგება, რომელთა ნათება იმდენად მკრთალია, რომ მათი დანახვა გიგანტური ტელესკოპებითაც კი შეუძლებელია. თუმცა, გრავიტაციული ლინზირების მეთოდით, ასტრონომებმა ვარსკვლავების მასის, დედამიწიდან დაშორებისა და ორბიტის ტრაექტორიის შესწავლა შეძლეს. 

"ეს წითელი ჯუჯები ჩვენთვის უხილავია. თუმცა, მათ უკან მდებარე ვარსკვლავზე გრავიტაციული ლინზირების ეფექტი სისტემის შესწავლის საშუალებას იძლევა", - აცხადებს ასტრონომი პრჟემეკ მროზი. 

ორი წითელი ჯუჯასგან შემდგარ სისტემას მეცნიერებმა 2MASS19400112+3007533 დაარქვეს. გრავიტაციის ცენტრის გარშემო ყოველ 2,88 წელიწადში ერთხელ მბრუნავი ვარსკვლავების მასა მზის მასის 57 და 36 პროცენტია.  

წითელი ჯუჯა ვარსკვლავები ჩვენს მზეზე ბევრად პატარაა. მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 10 ტრილიონი წელია. შედარებისთვის, ჩვენი სამყაროს ასაკი სულ რაღაც 14 მილიარდი წელია. ეს წითელი ჯუჯის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დაახლოებით 714-ჯერ ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყაროს ისტორიაში ჯერ არცერთი ასეთი ობიექტი არ ჩამქრალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები