Thumbnail

იტალიელ ქალს პირის ღრუში წამწამის მსგავსი თმა ეზრდება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი
  • მედიცინის ისტორიაში მხოლოდ ხუთი მსგავსი შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა, დღემდე ყველა პაციენტი მამრობითი სქესის იყო. 

იტალიაში მცხოვრებმა ქალმა დაავადების სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებას პირველად 2009 წელს, 19 წლის ასაკში მიაკითხა. შემოწმების შედეგად მას ჰორმონალური დისბალანსით გამოწვეული საკვერცხეების პოლიკისტოზი დაუდგინდა.

ამ დაავადების დროს ორგანიზმი დიდი ოდენობით მამაკაცის ჰორმონს, ტესტოსტერონს გამოიმუშავებს, რაც სახესა და ტანზე ჭარბთმიანობას იწვევს. თუმცა, ღრძილებზე თმის ამოსვლა უიშვიათესი მოვლენაა.

პირის ღრუდან თმის მოსაშორებლად ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ექიმებმა პაციენტს  ჰორმონალური ბალანსის აღსადგენად ჩასახვის საწინააღმდეგო აბები დაუნიშნეს. თავდაპირველად თერაპიამ შედეგი გამოიღო, თუმცა, 6 წლის შემდეგ ქალმა სამკურნალო დაწესებულებას იგივე პრობლემით მიაკითხა. როგორც აღმოჩნდა, მან კონტრაცეპტივების მიღება შეწყვიტა, რის გამოც ღრძილებზე წამწამის მსგავსი თმა ისევ გაეზარდა.  

ფოტო: Oral Surgery, Oral Medicine, Oral Pathology and Oral Radiology

"პაციენტის პირის ღრუში თმის განმეორებით ამოსვლამ მიგვახვედრა, რომ ეს ფენომენი შემთხვევითი არ ყოფილა და სტრუქტურული დეფექტითა და ჰორმონალური დისბალასით იყო გამოწვეული", - განაცხადა ფოჯას უნივერსიტეტის კლინიკური სტომატოლოგიის მკვლევარმა, კრისტინა ჟურაკივსკამ.

მის მიერ სამეცნიერო გამოცემაში Oral Surgery, Oral Medicine, Oral Pathology and Oral Radiology გამოქვეყნებულ ნაშრომში აღნიშნულია, რომ ღრძილებიდან თმის მოსაშორებლად პაციენტს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა, იმის გამო, რომ საკვერცხეების პოლიკისტოზი არ იკურნება, თითქმის ეჭვგარეშეა, რომ ქალს ამ პროცედურის გამეორება მომავალშიც დასჭირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები